ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად მიღებული დამწვრობის გამო, 21 წლის ქალს სხეულის 25 პროცენტი აქვს დაზიანებული
ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად მიღებული დამწვრობის გამო, 21 წლის ქალს სხეულის 25 პროცენტი აქვს დაზიანებული

დამწვრობის ცენტრში 21 წლის გოგო ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად მიღებული ქიმიური დამწვრობის გამო მკურნალობს. მას სხეულის 20-25 პროცენტი აქვს დამწვარი. დაზიანებულია ძირითადად ქვედა კიდურები.

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, სამწუხაროდ წელსაც დაფიქსირდა ლეღვის ნახარშის გამოყენების შემთხვევა. გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ გოგონა კლინიკაში მდგომარეობის გაუარესების გამო გამთენიისას შეიყვანეს და დამწვრობა იმდენად სერიოზულია, რომ სრულ რეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება.

დამწვრობის ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობის გამო შვიდი პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 5 წლის ბავშვი. პაციენტების ნაწილს, დამწვრობის გარდა, გადახურება აღენიშნება.

ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ გამოიყენონ ლეღვის ნახარში. ასევე, ურჩევენ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში თავი შეიკავონ ხანგრძლივად მზეზე ყოფნისგან და გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.