ლეგენდარული ქართველი ფალავანი გურამ საღარაძე იუბილარია [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 21 მარტს ლეგენდარულ ქართველ ფალავანს 82 წელი შეუსრულდა.

გურამ საღარაძე 15 წლის იყო, როდესაც მაშინდელ კიროვის ბაღში მდებარე ტანვარჯიშის დარბაზში მივიდა. ერთი წლის შემდეგ მან პირველი თანრიგის ნორმატივიც შეასრულა, მაგრამ ბიძის რეკომენდაციით, ჭიდაობაზე სიარული გადაწყვიტა და ვარჯიში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე „კუპალნიის“ ორსართულიან დარბაზში შალვა ნოზაძესთან დაიწყო. 

1962 წელი. თბილისში საჭიდაოდ ირანის ნაკრები ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაში იყო „მაზანდარანელი ვეფხვი“ მელბურნის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იმამ ალი ჰაბიბი. 1959 წელს სწორედ ჰაბიბისთან შეხვედრის შემდეგ დათმო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული „ჭიდაობის პროფესორმა“ ვახტანგ ბალავაძემ და რა გასაკვირი იყო, რომ თბილისის ცირკში მის სანახავად ათასობით ქომაგი შეიკრიბა. როდესაც დარბაზში ჰაბიბის მოწინააღმდეგედ ახალგაზრდა გურამ საღარაძის გვარი გამოაცხადეს დარბაზში უარყოფითმა ემოციამ იფეთქა. თუმცა, ეს ემოცია მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და როდესაც გურამ საღარაძემ ირანელი სამჯერ გადაიყვანა ჩოქბჯენში და უკვე 6:2 იგებდა, ახალგაზრდა ქართველი ფალავანი მხოლოდ ირანელის გაყინულ მზერას გრძნობდა. გონგის ხმა არც გაუგია, რადგან ცირკი შეკრებილი გახარებული ქომაგის ოვაციისგან გუგუნებდა.

მოგვიანებით, ქართული ჭიდაობის ლეგენდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გურამ საღარაძე იტყვის, რომ ეს ერთი შეხვედრა მისი ცხოვრების ბრწყინვალე გაკვეთილი იყო.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ფინალი წააგო, თუმცა უკვე მწვრთნელის სტატუსით ოლიმპიური ჩემპიონობა სეულის ოლიმპიურ თამაშებზე იზეიმა. სეულში გურამ საღარაძის პირადმა შეგირდმა, დავით გობეჯიშვილმა ოქროს მედალი მოიგო, ოთხი წლის შემდეგ ბარსელონაში კი გობეჯიშვილი მესამე ადგილზე გავიდა.

გურამ საღარაძის სპორტული მიღწევები:

1962 – პირველი ადგილი, ახალგაზრდობის საერთაშორისო სპორტული თამაშები. ჰელსინკი.

1963 – პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სოფია.

1964 – პირველი ადგილი, სტუდენტთა მსოფლიო თამაშები. ჰელსინკი.

1964 – მეორე ადგილი, ოლიმპიური თამაშები. ტოკიო.

1964 – პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბაქო.

1965 – პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მანჩესტერი.

1965 – პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი.

1966 – მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ტოლედო.

1966 – პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ნოვოსიბირსკი.

1967 – მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი.

1967 – მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. დელი.

1968 – მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მახაჩყალა.

1968 – მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სკოპლე.

1969 – მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. სოფია.