ისტორიული მატჩი | ჯონა ლომუს ახალი ზელანდია 110 ათასი ავსტრალიელი ქომაგის წინაშე [ვიდეო] #1TVSPORT
19:17, 17.03.2021
სიდნეის ოლიმპიურ სტადიონზე 2000 წელს ერთმანეთს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. „ვოლაბები“ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები იყვნენ და გუნდში სწორედ ის ბირთვი თამაშობდა, რომელმაც უელსში გამართული მსოფლიო თასი ტრიუმფით დაასრულა.
ახალი ზელანდიის ვარსკვლავურ შემადგენლობაში ფრთაზე, 11 ნომრით თამაშობდა ლეგენდარული ჯონა ლომუ. მატჩი მასპინძლებისთვის ცუდად დაიწყო – მე-9 წუთზე ზელანდია უკვე 24 ქულით იგებდა.
ტრიბუნებზე რაგბის ისტორიაში ყველაზე მეტი – 110,000 გულშემატკივარი იყო შეკრებილი და მათი დიდი ნაწილი, რომელიც ცხადია, მასპინძლებს უჭერდა მხარს, შოკირებული იყო. გამანადგურებელ დასაწყისს „ვოლაბები“ არ დაუბნევია და მათი პირველი ლელო სტივენ ლარკჰემის გარღვევას მოჰყვა, რომელმაც ფრთაზე მორტლოკი მონახა. მალევე სტირლინგმა დუბლი გაიფორმა. უილიამსის ინდივიდუალური შეტევის შემდეგ გრეგანმა ბურთი რაქში არ შეაყოვნა და ავსტრალია თამაშში დაბრუნდა.
27-ე წუთზე უკვე ავსტრალიელთა ფულბეკის, ლეითემის ლელო ვიხილეთ – ტაიმის დასრულებამდე „ვოლაბებმა“ კიდევ ერთი ლელო მიითვალეს (ჯო როფი) და მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 24:24 დასრულდა. მეორე ტაიმის სტარტზე ლარკჰემმა ავსტრალია საჯარიმო დარტყმით პირველად გაიყვანა წინ, მაგრამ პირველივე შეტევაზე ჯასტინ მარშალმა მასპინძლების დაცვის ხაზში სივრცე შენიშნა და ამით კარგად ისარგებლა.
ანგარიში მეორე ნახევრის 37-ე წუთამდე არ შეცვლილა და ამ დროს ავსტრალიამ კიდევ ერთხელ, ამჯერად ჯერემი პოლის ლელოთი მოიპოვა უპირატესობა და თითქოს გამარჯვება ხელიდან აღარც უნდა გაეშვა, მაგრამ ამ ისტორიას იდეალური დასასრული სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ, მატჩის ბოლო წუთზე გამარჯვების მომტანი ლელო ყველა დროის საუკეთესო მორაგბემ, ჯონა ლომუმ დადო.
ახალმა ზელანდიამ, საბოლოოდ, ანგარიშით 39:35 მოიგო და თუ რატომ დაიმსახურა ამ მატჩმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სარაგბო შეხვედრის სტატუსი, უკვე თავადაც მიხვდებოდით.