ლებრონ ჯეიმსის 57 ქულა - „კავალიერსმა“ „ვაშინგტონ უიზარდსი“ დაამარცხა
13:27, 04.11.2017
ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ, დღეს, გამთენიისას კლივლენდ „კავალიერსმა“ გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც გასვლაზე ვაშინგტონ „უიზარდსი“ ანგარიშით 130-122 დაამარცხა. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ლებრონ ჯეიმსი გახლდათ. გუნდის ლიდერმა ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა. „მეფის“ ანგარიშზე: 57 ქულა, 11 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემაა. ლებრონ ჯეიმსისთვის 57 მოპოვებული ქულა, მისი კარიერის მეორე საუკეთესო სტატისტიკური მაჩვენებელია. ყველაზე მეტი ლებრონმა მაიამი „ჰიტის“ მაისურით 2014 წელს მოაგროვა, როდესაც შარლოტს 61 ქულა ჩაუგდო. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს. 20 ქულა გააკეთა დერეკ როუზმა, ხოლო ჯაე კრაუდერის ანგარიშზე, 17 ქულა და 7 მოხსნა დაფიქსირდა. ვაშინგტონში, საუკეთესო მაჩვენებელი ბრედლი ბილს ჰქონდა, რომელმაც 36 ქულა მოიპოვა. „კავალიერსი“ ამ მოგების შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზე იმყოფება. ტაირონ ლიუს გუნდი მორიგ მატჩს საკუთარ დარბაზში ატლანტა „ჰოქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.