ლევან ბეჟაშვილი - ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის დღეს ხელისუფლების ღირსი და ძალა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოიყვანს
ლევან ბეჟაშვილი - ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის დღეს ხელისუფლების ღირსი და ძალა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოიყვანს

გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ ხალხს ვკითხოთ და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის დღეს ხელისუფლების ღირსი და ვინ არის დღეს ის ძალა, რომელიც ქვეყანას ამ ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოიყვანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოლაპარაკების პროცესი არ არის პოლიტიკური ვაჭრობა.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოლაპარაკების პროცესი არ არის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელსაც ესა თუ ის მხარე გვთავაზობს ან ტოტალიზატორში წასვლას და ა.შ., საპირწონედ დგას ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ღირებულებების. ამ ქვეყანას მოპარეს არჩევნები, ხალხს მოპარეს არჩევნები და სწორედ აქედან უნდა გამოვიდეთ ნებისმიერი მოლაპარაკებისა და შეთავაზების დროს.

ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის რომ არჩევნები დაუბრუნდეს საქართველოს მოსახლეობას, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. შეიძლება ამ შეთავაზების მოდიფიცირება, თუმცა მთავარი ამოსავალი ღირებულება არის ის, რომ ჩვენ ხალხის ინტერესები დავიცვათ ნებისმიერ მმართველ პარტიასთან და სხვასთან მოლაპარაკების დროს.

მეხუთე რაუნდის წინ მოცემულობა არის შემდეგი – ხალხი, რომელსაც მოპარეს არჩევნები ითხოვს ამ საარჩევნო უფლების დაბრუნებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზით და ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა არჩევნების გაყალბებით ხელისუფლება, ცდილობს, შეინარჩუნოს. ამიტომ, გამოსავალი აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ ხალხს ვკითხოთ და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ არის დღეს ხელისუფლების ღირსი და ვინ არის დღეს ის ძალა, რომელიც ქვეყანას ამ ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოიყვანს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა საარჩევნო რეფორმის საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე და აღნიშნა, რომ ერთგვარი ფარისევლობაა რაიმე საარჩევნო რეფორმაზე ახლა საუბარი.

„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლის ძალამაც არჩევნები გააყალბა, დაარღვია ყველა მოქმედი ნორმა, რომელიც არსებობს და საარჩევნო კოდექსით არის განსაზღვრული. ერთგვარი ფარისევლობაა რაიმე საარჩევნო რეფორმაზე ახლა საუბარი. საარჩევნო რეფორმა, ბუნებრივია, ჩატარდება, ქალბატონი ჟვანიაც გადადგება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობიდან და ბუნებრივია, იმ ფონზე, როდესაც დაინიშნება ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში ყველაფერს თავისი ლოგიკა ექნება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.