„ლე ფიგარო“ - საფრანგეთის ეროვნული კრების ბიურომ ემანუელ მაკრონისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების წინადადება განსახილველად არ მიიღო
საფრანგეთის ეროვნული კრების ბიურომ ემანუელ მაკრონისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების წინადადება განსახილველად არ მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ლე ფიგარო“ ავრცელებს.
შესაბამისი ინიციატივა ულტრამემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ წარადგინა.
ამგვარად, მაკრონის იმპიჩმენტის წინადადება არ განიხილება არც კომიტეტში და არც პლენარულ სხდომაზე.
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის – ეროვნული კრების ბიუროში ინიციატივამ ხუთი ხმა მოიპოვა, წინააღმდეგ ათმა მისცა ხმა, ხუთმა კი თავი შეიკავა.
ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ულტრამემარცხენე პარტიის წინადადებას 577-წევრიან პარლამენტში 104 დეპუტატი აწერდა ხელს.
საფრანგეთში პოლიტიკური ვითარება 6 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გადადგომის შესახებ განაცხადა.