დონალდ ანდერსონი - ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ რუსეთის ქმედებებს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში ინტერვენციას
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიში სინამდვილეში რუსეთის საქმიანობას ეხება, – ამის შესახებ დონალდ ანდერსონმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების პასუხად ასამბლეამ რუსეთისგან შანტაჟი არ უნდა მიიღოს.
„ანგარიშის სახელწოდებას შეცდომაში შევყავართ. სინამდვილეში ის რუსეთის საქმიანობას ეხება. რუსეთი ოთახში სპილოა და რთულია, რუსეთის პოლიტიკური რეალობა და შეთავაზებული ტექნიკური ცვლილებები ერთმანეთისგან გამიჯნო. ზოგი ამბობს, რომ ჩვენ უნდა გავრიცხოთ რუსეთი, სხვები კი მიიჩნევენ, რომ რუსეთის უპირობო დაბრუნებას უნდა დავუჭიროთ მხარი. მე მხარს ვუჭერ პირობების წაყენებას. ვიმედოვნებ, რომ ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთის ქმედებები უმკაცრეს კრიტიკას იმსახურებს. უნდა არსებობდეს ზღვარი, რომლის იქითაც წევრ ქვეყნებს არ უნდა შეეძლოთ სანქციების გაუქმება. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ რუსეთის მიერ ჩადენილ ქმედებებს, როგორიცაა სოლსბერიში მოწამვლა, ნიდერლანდებში კიბერთავდასხმის ბოლო მცდელობები, წევრ სახელმწიფოებში, საქართველოსა და უკრაინაში ინტერვენცია, დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევა, ბალტიის ქვეყნებისთვის საფრთხის შექმნა. ამ ყველაფრის პასუხად ჩვენ უნდა მივიღოთ მათი შანტაჟი?“,-განაცხადა დონალდ ანდერსონმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს უნდა გადაწყვიტოს, მოუხსნის თუ არა რუსეთს სანქციებს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ასამბლეის წევრები რეგლამენტში ცვლილებების შესატანად ემზადებიან, რაც საშუალებას მისცემს რუსეთის დელეგაციას, ხმის უფლება დაიბრუნოს და უკვე იანვრიდან სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ჩაერთოს ასამბლეის მუშაობაში. დოკუმენტის მომზადებას წინ უძღოდა ხმაურიანი სკანდალები და კულუარული მოლაპარაკებები.