ლიეტუვაში ოპოზიცია გეგმავს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მთავრობის კანონიერება შეფასდეს

14:31, 17.07.2026

ლიეტუვაში ოპოზიცია გეგმავს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა შეფასდეს მთავრობის კანონიერება. ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა, ლაურინას კაშიუნასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობის პროგრამა, კონსტიტუციით გათვალისწინებული წესების დარღვევით, მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურად დამტკიცებამდე წარადგინეს და შექმნილი ვითარების გასარკვევად საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია აუცილებელია.

„საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სასარგებლო იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის, რათა სასამართლომ შეაფასოს მთავრობის ფორმირების პროცესი და გასცეს პასუხი არსებულ კითხვებს. ამაში დაინტერესებული უნდა იყვნენ როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე უმრავლესობაც, რადგან ისინი თუ დაიწყებენ კანონებისა და დადგენილებების მიღებას, შემდეგ კი ვინმე მათ გაასაჩივრებს და საკონსტიტუციო სასამართლო ოდესმე მათ არაკონსტიტუციურად ცნობს, ეს ლიეტუვის პოლიტიკური სისტემისთვის სასარგებლო არ იქნება“, – განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა.

ახალი მთავრობის პროგრამის პროექტი სეიმში 3 ივლისს დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ XXI მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ბრძანებულებას მხოლოდ 6 ივლისს მოაწერა ხელი. თავად პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მთავრობის პროგრამა სეიმის სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანებულების ხელმოწერის შემდეგ იყო წარმოდგენილი.

ცნობისთვის, მინდაუგას სინკიავიჩიუსმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ინგა რუგინინე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა მმართველ კოალიციაში განხორციელებული ცვლილებების გამო დატოვა.

მსგავსი