ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი - ვიდრე რუსები უკრაინაში იბრძვიან, ლატვიის საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარება იქნება
ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ინდულის კრეკისი აცხადებს, რომ ვიდრე რუსები უკრაინაში იბრძვიან, ლატვიის საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარება იქნება. აღნიშნულის შესახებ ინდულის კრეკისმა ლატვიური ტელეკომპანია TV3-ის გადაცემაში ისაუბრა.
მანამდე ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის მხრიდან საფრთხეებია განხილული.
უწყებაში მიიჩნევენ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ლატვიაზე პირდაპირი სამხედრო თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამის ალბათობა შესაძლოა, გაიზარდოს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში.
„ვიტყვი იუმორით – ჩვენ არ ვიხედებით ბროლის ბურთში. ბევრი ფაქტორია, ყველაფერი შეიძლება, შეიცვალოს, მაგალითად, დადის ხმები, რომ პუტინი შეიძლება, მოკვდეს, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი კლდესავით ჯანმრთელია, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად. არსებობს მრავალი ფაქტორი. ვვარაუდობ, რომ 5-10 წელიწადში ჩვენ შესაძლოა, ვიხილოთ, რომ რუსეთი მიაღწევს დონეს, რომელზეც ის ეცდება თავისი განზრახვის განხორციელებას“, – განაცხადა კრეკისმა.
ლატვიური სპეცსამსახურის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ლატვიის წინაშე რეალური სამხედრო საფრთხე რომ არსებობდეს, ამის მთავარი მტკიცებულება იქნება მის საზღვართან ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია. ის ვარაუდობს, რომ ვიდრე რუსები ომობენ უკრაინაში, ლატვიის საზღვარზე შედარებით მშვიდი ვითარება იქნება.
ლატვიური სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ვითარება გაუარესდება, თუ უკრაინაში ომი რუსეთის სასარგებლოდ დასრულდება ან კონფლიქტი გაიყინება. სპეცსამსახურები ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში სამხედრო საფრთხე გაიზრდება.
ამასთან, სამხედრო დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ რუსეთი სამხედრო რესურსებს აღადგენს. მათივე ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთის არმია 600-700 ათას სამხედროს თუ შეადგენდა, ახლა მან შექმნა ახალი საჯარისო დანაყოფები და ჯარის რიცხოვნობის 1,5 მილიონამდე გაზრდას გეგმავს. ლატვიის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, დაახლოებითი შეფასებით, ამჟამად უკრაინის ფრონტის ხაზზე 600 ათასი ოკუპანტია.