ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპმა თქვა ის, რაც ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში საქართველოსა და უკრაინაზე წერია
დონალდ ტრამპმა თქვა ის, რაც ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაში საქართველოსა და უკრაინაზე წერია, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იგი დადებითად და პოზიტიურად აფასებს საქართველოსა და უკრაინაზე მიღებულ ყველა განცხადებასა და მსჯელობას.
„ვფიქრობ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან მკაფიო და მართალი იყო. ძალიან დადებითად და პოზიტიურად შევაფასებდი საქართველოსა და უკრაინაზე მიღებულ ყველა განცხადებასა და მსჯელობას. იმისათვის, რომ გახდეს ქვეყანა ნატო-ს წევრი, საჭიროა სამი პირობის დაკმაყოფილება. პირველი პირობა ეს არის საქართველოს მზაობა და თქვენ შესანიშნავი პროგრესი გაქვთ, რეფორმები უნდა გააგრძელოთ. მეორე – ნატო-ში გასაწევრიანებლად საჭიროა ნატო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა. კონსენსუსის მიღწევა მარტივი არ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტო აშშ-ი არაა, სხვა სახელმწიფოებზეც არის საუბარი. მესამე პირობა არის პოლიტიკური, სტრატეგიული გარემო, რომელიც პროცესს ხელს შეუწყობს. მჯერა, რომ მაკედონიისთვის საშუალების მიცემა გაწევრიანების თაობაზე ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე, ნათლად აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ეს ძალიან კარგი გზავნილია საქართველოსთვის. არ ვიცი და ნამდვილად ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, მომავალ სამიტზე მოვიპატიჟებთ თუ არა საქართველოს.
გესმით და ყველა ხედავს, რომ ნატო-ში აქტიური მსჯელობა და დისკუსია მიმდინარეობს ორგანიზაციის მომავალსა და თავდაცვის ხარჯების ზრდაზე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ამას აღიარებს ყველა წევრი ქვეყანა, რომ ნატო-ს კარი ღია უნდა იყოს. აშშ, ლატვია და ბალტიისპირეთის ქვეყნები ყოველთვის იყვნენ და არიან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრე და მტკიცე მხარდამჭერი. თუ თქვენ გააგრძელებთ რეფორმებს და იქნებით ისეთ ფორმაში, რომ წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ შეძლებს, მაშინ თქვენს კითხვაზე დონალდ ტრაპს სხვა პასუხი ექნება და გეტყვით, რომ საქართველო ძალიან მალე გაწევრიანდება ნატო-ში“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში, განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი გამოჩნდება, მაგრამ ახლა არა.