ლატვიის ქალაქ ბაუსკაში ქართული კუთხე გაიხსნა

16:14, 12.09.2026

ლატვიაში, ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენელთა დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბაუსკაში ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის, „ახალგაზრდების დროა“(Laiks Jauniešiem) ოფისში ქართული კუთხე საზეიმოდ გაიხსნა.

ეს ინიციატივა წარმოადგენს ქართულ და ლატვიურ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის პრაქტიკულ შედეგს, რაც მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო დიალოგის გაღრმავებასა და სახალხო დიპლომატიის როლის გაძლიერებას.

ახლადგახსნილ ქართულ კუთხეში განთავსდა სპეციალურად შერჩეული ლიტერატურა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების შესახებ, ასევე ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ელემენტი, რომლებიც ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სტუმრებს საქართველოს მდიდარ მემკვიდრეობას გააცნობს.

სივრცე პერიოდულად უმასპინძლებს საქართველოს შესახებ საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს. ამასთანავე, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ყოველწლიურად ქართველი მოხალისეების გაგზავნა ლატვიაში, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან ლატვიური ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობაში და თავიანთ წვლილს შეიტანენ ქართველ და ლატვიელ ახალგაზრდებს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებაში.

ქართველი ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ისეთი კერების არსებობა, როგორც ბაუსკაში გახსნილი ქართული კუთხეა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხალხთა დაახლოებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

ვიზიტი განხორციელდა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

მსგავსი