ლატვიის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა პარლამენტს, ხელახლა განიხილონ კანონი „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლის შესახებ
ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა თხოვნით მიმართა პარლამენტს, ხელახლა განიხილონ კანონი „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლის შესახებ.
„ეჭვგარეშეა, რომ პარლამენტს აქვს სუვერენული უფლება, გადაწყვიტოს ლატვიის გასვლის საკითხი ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან. თუმცა, ამავე დროს, ლატვიის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონი ითვალისწინებს, რომ სწორედ მინისტრთა კაბინეტია ის, ვინც უზრუნველყოფს მიღებული ხელშეკრულებების შესრულებას. ამ შემთხვევაში პარლამენტმა არ გაითვალისწინა მინისტრთა კაბინეტის აზრი ამ კონვენციის აუცილებლობის შესახებ ლატვიისთვის. პირიქით, მთავრობა მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა განაგრძობდეს ამ ხელშეკრულების, ამ კონვენციის დაცვას. ფაქტობრივად, ლატვია გახდებოდა ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა, რომელიც გავიდოდა ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან ადამიანის უფლებების მიმართულებით. 2024 წლის 16 ოქტომბერს პარლამენტმა გადაწყვიტა შეემუშავებინა კანონი, რომელიც, გარკვეული გაგებით, შეიძლება იყოს ამ კონვენციის შემცვლელი. თუმცა ეს კანონი არც განხილულა და არც მიღებულა პარლამენტის მიერ. კონვენციის ასე სწრაფად გაუქმებით ჩვენ ვქმნით ძალიან სერიოზულ სამართლებრივ ხარვეზს“, – განაცხადა რინკევიჩმა.
კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტი კანონს არ შეცვლის, პრეზიდენტ რინკევიჩს აღარ ექნება უფლება, მეორედ შეიტანოს მასში შენიშვნები.
ცნობისთვის, ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლას ითვალისწინებს. ინიციატივა ლატვიის მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ დეპუტატების მიერ არის წარდგენილი. მათი მტკიცებით, კონვენცია ქვეყნის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
კონვენციიდან გასვლის წინააღმდეგ სეიმთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კონვენციიდან გასვლა იქნება ნაბიჯი აგრესორ სახელმწიფოებთან დაახლოებისკენ.