ლატვიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, ევროპული საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება თუ არა საქართველოს თემა
ლატვიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, ევროპული საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება თუ არა საქართველოს თემა

არ მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს განსახილველ საკითხებს შორის საქართველოც იქნება, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ლატვიას ყოველთვის ესმოდა, რამდენად რთულია, იბრძოლო საკუთარი დამოუკიდებლობისთვის.

„არ მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს განსახილველ საკითხებს შორის საქართველოც იქნება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს. ლატვიას ყოველთვის ესმოდა, რამდენად რთულია, იბრძოლო საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, რადგან ჩვენ ვიზიარებთ მსგავს ისტორიას“, – განაცხადა ევიკა სილინამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 19 მარტს განაცხადა, რომ, ოპოზიციასთან კოორდინაციით, ევროპელ ლიდერებთან გაიგზავნება ერთობლივი წერილი, რათა ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შევიდეს. აღნიშნული წერილი სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურმა გუშინვე გაავრცელა.