ლატვიის პარლამენტმა ე.წ. სტამბოლის კონვენციიდან გასვლა შეაჩერა
ლატვიის პარლამენტმა ე.წ. სტამბოლის კონვენციიდან გასვლა შეაჩერა

ლატვიის პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე ე.წ. სტამბოლის კონვენციიდან არ გავა. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ სოციალურ ქსელში ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა: 53 დეპუტატი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ გადადებულიყო კონვენციიდან გასვლის პროცესი, 18-მა არ დაუჭირა მხარი, ხოლო ერთმა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

„ლატვიის პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლა უვადოდ გადაიდოს. მე ვესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ქალთა უფლებების გამარჯვება. ეს ლატვიელი ხალხის გამარჯვებაა. ლატვია საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა და ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება“, – წერს ლატვიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა თხოვნით მიმართა პარლამენტს, ხელახლა განეხილათ კანონი „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლის შესახებ. ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლას ითვალისწინებს. ინიციატივა ლატვიის მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ დეპუტატების მიერ არის წარდგენილი. მათი მტკიცებით, კონვენცია ქვეყნის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. კონვენციიდან გასვლის წინააღმდეგ სეიმთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კონვენციიდან გასვლა იქნება ნაბიჯი აგრესორ სახელმწიფოებთან დაახლოებისკენ.