ლატვიის პარლამენტმა კონსტიტუციაში „ორი სქესის“ შეტანის წინადადება უარყო
16 იანვარს ლატვიის პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობამ უარყო ოპოზიციური პარტიის „ლატვია უპირველესად“ წინადადება კონსტიტუციის შესავალში შესწორების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში მხოლოდ ორი სქესი არსებობს. ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შეთავაზებული ინიციატივა ითვალისწინებდა კონსტიტუციაში დებულების შეტანას, რომლის თანახმად, „სახელმწიფო აღიარებს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი, და არ წაახალისებს ან მხარს არ უჭერს ხელოვნურად შექმნილი სქესების დაკანონებას“.
ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებაში ტერმინი „სქესი“ გამოყენებულია ტერმინ „გენდერის“ სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ცნება ერთმანეთისგან განსხვავდება.
პარტიის „ლატვია უპირველესად“ ლიდერის, აინარ შლესერსის თქმით, ქვეყნის კონსტიტუციაში უკვე აღნიშნულია, რომ ქორწინება არის კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, მაგრამ, ამის მიუხედავად, „აღმოჩნდა, რომ ქორწინება ერთია, ოჯახი კი – სულ სხვა“.
ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია განისაზღვროს, რომ არსებობს ორი სქესი და „ყველას მივცეთ საშუალება, თავი ისე იგრძნოს, როგორც უნდა, და არავის საქმე არ არის, რა ხდება გასახდელებსა და ტუალეტებში“. შლესერსის განცხადებით, „მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ არსებობს ორი სქესი და არა 150“.
კოალიცია „ახალი ერთობის” წევრმა, აგნესე კრასტამ დეპუტატებს მოუწოდა, ქვეყნის ძირითადი კანონი საარჩევნო კამპანიაში არ გამოიყენონ და საზოგადოება წარმოსახვითი პრობლემებით არ შეაშინონ.
შლესერსის პარტიის ინიციატივის საპარლამენტო კომიტეტებისთვის გადაცემას მხარი 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 43, ერთმა თავი შეიკავა. ამიტომ, პარტიის „ლატვია უპირველესად“ მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.