ლატვიის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ რუსულ ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მაუწყებლობა აუკრძალა
ლატვიის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ რუსულ ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მაუწყებლობა აუკრძალა

ლატვიის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ რუსულ ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ (RT) მაუწყებლობა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მარეგულირებელმა ორგანომ, „რაშა თუდეის“ ტელეარხებს „პროპაგანდა“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამაუწყებლო კომპანიას აქვს კავშირი დიმიტრი კისილევთან, რომელიც ევროკავშირის მიერ 2014 წლიდან „შავ სიაშია“ შეყვანილი.

მარეგულირებლის განცხადებით, კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეკომპანია „რაშა თუდეი“ ცდილობს, ლატვია წარმოაჩინოს, როგორც წარუმატებელი სახელმწიფო, ხოლო ლატვიის უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ მედიაორგანიზაციას დასავლეთ ევროპაში ყველაზე გავლენიან რუსულ პროპაგანდისტულ არხად განიხილავენ.

კერძოდ, ლატვიაში მაუწყებლობა აეკრძალა RT-ს შვიდ არხს, მათ შორის არაბულენოვან და ესპანურენოვან არხებს, რადგან მათ აკონტროლებს რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს „რასია სეგოდნიას“ ხელმძღვანელი დიმიტრი კისილევი.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ეს პროგრამები დიმიტრი კისილევის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ არიან“, – ნათქვამია ლატვიის მედიის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის ივარს აბოლინსის განცხადებაში.

აბოლინსი მოუწოდებს ევროკავშირის ფარგლებში ყველა მარეგულირებელს, მიბაძონ მათ მაგალითს და აკრძალონ RT-ს მაუწყებლობა თავიანთ ტერიტორიაზე.

ლატვიის მარეგულირებლის განცხადებას გამოეხმაურა თავად RT.

„ვულოცავთ ლატვიის საიდუმლო სამსახურებს და მედიის ეროვნულ საბჭოს, რომ მათ, როგორც იქნა, შეძლეს ქვეყნის არაბულენოვანი და ესპანურენოვანი მოსახლეობის დაცვა RT-სგან, „ყველაზე გავლენიანი რუსული პროპაგანდისტული არხისგან“, – ნათქვამაი კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეკომპანიის განცხადებაში.

თავად კისელევმა ლატვიაში არხის მაუწყებლობის აკრძალვა „ბრმა რუსოფობიად“ შეაფასა.