ლატვიაში მუნიციპალური არჩევნებისას ხმის მთვლელ მანქანებს პრობლემა შეექმნა, რის გამოც ბიულეტენების ხელით დათვლა გახდა საჭირო
ლატვიაში მუნიციპალური არჩევნებისას ხმის მთვლელ მანქანებს პრობლემა შეექმნა, რის გამოც ბიულეტენების ხელით დათვლა გახდა საჭირო

ლატვიაში მუნიციპალური არჩევნების ხმების დათვლის დროს ხმის მთვლელ მანქანებს პრობლემა შეექმნა და ბიულეტენები ხელით დათვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ხმის ავტომატური დათვლის მანქანები არჩევნებზე პირველად გამოიყენებოდა.

როგორც ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, კრისტინე სულიტემ განაცხადა, ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ მიწოდებულმა აპარატებმა „არ იმუშავა დაგეგმილ დონეზე ამიტომ მიღებულ იქნა ხმების ხელით დათვლის გადაწყვეტილება“.

კომისიის ხელმძღვანელის თქმით, უნდა ჩატარდეს მომხდარის დეტალური გამოძიება, რათა გაირკვეს ყველა გარემოება და პრობლემის წარმოქმნის მიზეზი. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თუ გაირკვევა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გააკეთა ყველაფერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ის მზად იქნება, გადადგეს.

საულიტემ ბოდიში მოუხადა ამომრჩევლებს, საარჩევნო უბანზე მომუშავეებსა და კომისიის თანამშრომლებს ტექნიკური სირთულეების გამო.

„მთელ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს. მე ბოდიშს ვუხდი საარჩევნო კომისიებს და საარჩევნო უბნებს. არავის სურდა ეს ტექნიკური შეფერხება“, – აღნიშნა მან.

ამას გარდა, ლატვიის პოლიციაში განაცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის ექვსი საქმე საარჩევნო უფლების გამოყენებაში განზრახ ხელის შეშლაზე.

ლატვიაში მუნიციპალური არჩევნები 7 ივნისს ჩატარდა. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 47% შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ არჩევნებთან შედარებით 13%-ით მეტია. წინასწარი შედეგებით, დედაქალაქ რიგაში ლიდერობენ მემარჯვენე პარტია „ლატვია უპირველეს ყოვლისა“ და მემარცხენე-ცენტრისტული „პროგრესულები“.