სააგენტო „დელფის“ მიხედვით, ლატვიის საფეხბურთო კლუბები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.
„მოგვეცით მუშაობის საშუალება“, – კლუბებმა ერთობლივი საპროტესტო აქცია იზოლაციის წინააღმდეგ ამ ლოზუნგით გამართეს. გუნდების წარმომადგენლებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვა, სადაც პანდემიის მიუხედავად, მუშაობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.
საპროტესტო ვიდეო ლატვიის საფეხბურთო ლიგის გვერდმა, კლუბებთან თანამშრომლობით გამოაქვეყნა. ვიდეოში მოთამაშეები და მწვრთნელები კორონავირუსის პანდემიის დროს, ვარჯიშისა და მუშაობის სურვილს გამოთქვამენ. კლიპის გადაღებაში მონაწილეობდნენ როგორც ფეხბურთელები და მწვრთნელები, ასევე ლატვიის ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები.
„ჩვენ ვაღიარებთ და გვესმის ვითარების სერიოზულობა. მაგრამ პროფესიის წარმომადგენლები მუშაობენ, ეს კი საფეხბურთო გუნდებს ეკრძალებათ. ყველას ვთხოვთ, რომ ჩვენიც გაიგონ და ვარჯიშის უფლება დაგვრთონ. გვჯერა, რომ ეს ადეკვატური და გამართლებული მოთხოვნაა“, – ამბობს ლატვიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოთამაშე მარის ვერპაკოვსკისი.
ლატვიის საფეხბურთო ჩემპიონატის სტარტი 13 მარტს დაიგეგმა, მაგრამ ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო ვითარებამ სეზონის დაწყება გადადო.
გუნდები იმედოვნებენ, რომ ვარჯიშს მალე განაახლებენ და სეზონი დაიწყება ზაფხულის დასაწყისში. თავის მხრივ, ლატვიის ფეხბურთის ლიგა უახლოეს დღეებში აპირებს მიმართოს ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრს, რათა საფეხბურთო კლუბებს ვარჯიშის განახლების უფლება დართონ.
კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, ლატვიაში გუნდებს ეკრძალებათ სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება. ამიტომ, ყველა საწვრთნელი პროცესი დისტანციურად ტარდება.
აქვე ვიტყვით, რომ ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის (LFF) გამგეობამ მსაჯებს და ფედერაციის თანამშრომლებს გადაუდებელი საჭიროებისათვის 100,000 ევრო გადაურიცხა.