გადრანი ლატვიაში ითამაშებს
გადრანი ლატვიაში ითამაშებს

ლატვიის საფეხბურთო ჩემპიონატის „ვალმეირამ“ ახალწვეულები წარადგინა, რომლებიც გუნდს სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდნენ. მათ შორის ქართველი მოთამაშე, ლუკა გადრანიც აღმოჩნდა.

23 წლის ლუკა გადრანი ცენტრალური მცველია. წინა კლუბი ირანის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის „შახინ ბუშერი“ გახლდათ. გადრანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. კარიერა ესპანეთში, „ალავესის“ 19-წლამდელთა გუნდიდან დაიწყო. მერე იყო „სამტრედიას“ მოთამაშე, გამოდიოდა „რუსთავში“, „ცხინვალში“ და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც იყო გამოძახებული.

გადრანი „შახინ ბუშერში“ „ტორპედოს“ ყოფილი მეკარესთან, მაქსიმე ქვილითაიასთან ერთად თამაშობდა, მაგრამ ირანი კორონავირუსის პანდემიის გამო დატოვა.

„ვალმეირა“ 17 ტურის შემდეგ ლატვიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის. გუნდის მთავარი მწვრთნელი 45 წლის ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტიაა.