ლატვიაში გამგზავრებამდე საქართველოს ფუტსალის ნაკრებს პრემიერ-მინისტრი ესტუმრა #1TVSPORT
ლატვიაში გამგზავრებამდე საქართველოს ფუტსალის ნაკრებს პრემიერ-მინისტრი ესტუმრა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა. გუნდმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება თბილისში გაიარა. 18 იანვარს კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრება.

ოლიმპიურ სასახლეში ეროვნულ გუნდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესტუმრა და წარმატებები უსურვა.

„როგორც რიგითმა გულშემატკივარმა, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ნიჭთან ერთად ძალიან დიდი შრომის შედეგია ის წარმატება, რასაც თქვენ მიაღწიეთ და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. მინდა, წარმატება გისურვოთ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია, წლების განმავლობაში მეტი და მეტი წარმატება იქნება. ამას თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გეკუთვნით. წარმატებული, ბედნიერი წელი მინდა გისურვოთ და წარმატებები ევროპის ჩემპიონატზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ევრო 2026 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ლატვიას, ხორვატიასა და საფრანგეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ლატვიასთანაა – 21 იანვარს. საქართველოს ნაკრების თამაშების ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.