ლატვიაში ჩამოგდებული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან შევიდა

17:18, 17.08.2026
კადრი „ლატვიის ტელევიზიის” ინტერვიუდან

კადრი „ლატვიის ტელევიზიის” ინტერვიუდან

დრონი, რომელიც პარასკევს ბალვის რეგიონში ჩამოაგდეს, ლატვიის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან შევიდა – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რაივას მელნისმა ორშაბათს დილით, ლატვიის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ბალვის მუნიციპალიტეტში იპოვეს, სადაც ექსპერტები მუშაობას განაგრძობენ. დრონის წარმომავლობა ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ეხება უკრაინულ აპარატს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებს უტევდა და კურსს რუსული რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებების ზემოქმედების შედეგად აცდა.

მელნისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვიის ტერიტორიაზე შეჭრილ დრონებს კვლავაც ჩამოაგდებენ, რადგან ეს მოქალაქეთა და მათი ქონების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

„დრონების შემოჭრის რისკი არსებობს. უკრაინა თავდაცვის მიზნით რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით დარტყმებს განაგრძობს, რუსული მხარე კი საპასუხო ზომებს მიმართავს“, – აღნიშნა მელნისმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა ეტაპზეა ლატვიაში დრონსაწინააღმდეგო სისტემებისა და რადარების შეძენისა და მონტაჟის პროცესი, თავდაცვის მინისტრმა აღიარა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის საზღვარზე მათი ნაკლებობაა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სექტემბრის ბოლომდე რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის მთელ პერიმეტრზე ლატვიური წარმოების აღჭურვილობის განთავსება იგეგმება.

„ჩვენ გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ. დღეს ეროვნული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შევხვდები, არსებულ სიტუაციას განვიხილავთ და შევაფასებთ, არის თუ არა საჭირო ამ გეგმაში რაიმე კორექტირების შეტანა“, – განაცხადა მელნისმა.

დრონსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შესყიდვაში გულგრილობის ნიშნები არ იკვეთება

ამ მოვლენების ფონზე, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს პრემიერ-მინისტრი ანდრის კულბერგსი („გაერთიანებული სია“) და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი („პროგრესულები“) დაუპირისპირდნენ. ამ უკანასკნელმა თანამდებობა დრონთან დაკავშირებული წინა ინციდენტის შემდეგ დატოვა. პოლიტიკოსებმა დრონსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვის საკითხზე ბრალდებები გაცვალეს. სპრუდსის თქმით, კულბერგსი „დეზინფორმაციას განზრახ ავრცელებს“.

მელნისის განმარტებით, დავის საგანი ლატვიური კომპანია Origin Robotics-ის მიერ წარმოებული ჩამჭრელი დრონებია, რომლებიც ამჟამად ტესტირებას გადიან. მათი შესყიდვა 2025 წლის ბოლოს დაიწყო.

სპრუდსის თქმით, ლატვიის საჰაერო თავდაცვის სისტემაში მათი სრულყოფილი ინტეგრაციისთვის დრონებს საბრძოლო/ფეთქებადი მუხტი უნდა დაემატოს. მან აღნიშნა, რომ უპილოტო აპარატების საბრძოლო მასალით აღჭურვისთვის ორი გზა აირჩიეს: ეროვნული შეიარაღებული ძალების რესურსებისა და არსებული ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება, და პარალელურად, ნატოს სტანდარტების შესაბამისი საერთაშორისო მიწოდების წყაროების მოძიება.

შეკითხვაზე, დაფიქსირდა თუ არა რაიმე ხარვეზი აღნიშნულ შესყიდვებში, მელნისმა დაადასტურა, რომ თავდაპირველად ჩამჭრელი დრონებისთვის საბრძოლო ქობინები არ შეძენილა. ეს ამოცანა მოგვიანებით გამოიკვეთა, რის გამოც დრონსაწინააღმდეგო აპარატებისთვის ქარხნული წარმოების საბრძოლო ქობინების შესყიდვის პროცედურა ამჟამად მიმდინარეობს.

მელნისმა უარყო მოსაზრება, რომ ჩამჭრელი დრონებისთვის საბრძოლო მუხტის არქონა ვინმეს გულგრილობაზე მიუთითებს.

„შესაძლოა, ეს სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს შორის კომუნიკაციისა და საერთო გაგების ნაკლებობას უკავშირდებოდეს“, – აღნიშნა მან. „რაიმე სახის გულგრილობას ვერ ვხედავ. გადაწყვეტის სხვადასხვა გზა არსებობს, თუმცა ლატვიის საბრძოლო შესაძლებლობების გასაძლიერებლად ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალებები უნდა მოვძებნოთ“, – ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

სტატიის ავტორია „ლატვიის საზოგადოებრივი მედია” (Latvian Public Media). თავდაპირველად გამოქვეყნდა: 17 აგვისტო, 2026, 08:56 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი