ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე ერთობლივი კომუნიკე მიიღეს
ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე ერთობლივი კომუნიკე მიიღეს

ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე სპეციალური კომუნიკე მიიღეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოთხი ქვეყანა უპირობოდ და უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

10-პუნქტიან კომუნიკეში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს აქვს სრული უფლება, თავად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა და აირჩიოს ალიანსები, რომლებშიც გაწევრიანდება.

„წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ევროპაში სახელმწიფოების სუვერენიტეტი  შეზღუდული იყო, თუმცა თანმიმდევრულობა და სიმტკიცეა აუცილებელი ევროპული ღირებულებების და პრინციპების მათგან დასაცავად, ვინც მათ შელახვას ცდილობს. „ზეგავლენის სფეროების“ პოლიტიკის დაბრუნება დაუშვებელია“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

„საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ე.წ. მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებთან კვაზიშეთანხმებები გააფორმა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან ინტეგრაციისკენ არის მიმართული. რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მხრიდან საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების ხელოვნური პროცესი გრძელდება და ეს ხდება რუსეთის კარნახით. ჩვენ უარვყოფთ ასეთ ნაბიჯებს და არასდროს ვაღიარებთ ამ ქმედებების შედეგებს“, – ნათქვამია კომუნიკეში.

ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და უკრაინა ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, ასევე, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ჟენევის დისკუსიების პროცესში და დაუშვას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამავე კომუნიკეში ოთხი ქვეყანა მიესალმება ქართველი ხალხის ევროკავშირისადმი და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი ნდობას.

ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და უკრაინა მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

„ვადასტურებთ, რომ ნატო რჩება ჩვენი უსაფრთხოებისა და კოლექტიური თავდაცვის ქვაკუთხედად. ამავე დროს, მივესალმებით ბრიუსელის სამიტის დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ საქართველომ, ევროინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებით, ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციები გაიმყარა და გახდა მოწინავე ქვეყანა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება აქვთ გაფორმებული.


 

დატოვე კომენტარი