ლატვია: არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, საარჩევნო უბნებზე პერსონალის ნაწილი შეცვალეს
საილუსტრაციო ფოტო
ლატვიის აღმოსავლეთ საზღვრისპირა რამდენიმე მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ხელისუფლებას საარჩევნო უბნებზე მომუშავე პერსონალის შემადგენლობაში სასწრაფო ცვლილებების შეტანა მოუხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (VDD) ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებლის ლეტგალიის რედაქციას (LSM Latgale) დაუდასტურა, რომ მთელი ლატვიის მასშტაბით, საარჩევნო უბნებზე 6 000 თანამშრომელი შემოწმდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უმეტეს შემთხვევაში, ამის მიზეზი ჩანაცვლებული პერსონალის რუსეთსა და ბელარუსში მოგზაურობა და/ან პროკრემლისტური გზავნილების გავრცელება გახდა.
მე-15 მოწვევის პარლამენტის (სეიმის) არჩევნების ჩასატარებლად, ქალაქ დაუგავპილსში 29 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
LSM Latgale-ს რედაქციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მოწმობს, რომ საარჩევნო კომისიამ ამ უბნების 20-ზე მეტ თანამშრომელთან თანამშრომლობა დაუყოვნებლივ შეწყვიტა და ისინი სხვა პირებით ჩაანაცვლა.
საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო, რის მიზეზადაც მან ამ ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომა დაასახელა.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მივიღეთ განცხადება იმის შესახებ, რომ საჭირო ზომები უნდა მიგვეღო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამისი ზომები გავატარეთ და ახლა ყველა საარჩევნო უბანი სრულად არის დაკომპლექტებული, რაც მათ გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ეს, რა თქმა უნდა, რთული სამუშაო იყო. შევძელით იმ ადამიანების პოვნა, რომლებსაც ამ პოზიციაზე ადრეც უმუშავიათ. ეს დროულად გავაკეთეთ და რამდენიმე დღეში ყველაფერი დასრულდა“, – აღნიშნა დაუგავპილსის საქალაქო საბჭოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რუტა ველიკამ.
ქალაქ კრასლავის 26 საარჩევნო უბანზე 140 თანამშრომელი იმუშავებს. უბნების შემადგენლობა მარტშივე იყო დამტკიცებული, თუმცა 18 სექტემბერს კომისიის თავმჯდომარემ მიიღო ბრძანება, რომ პერსონალი შეცვლილიყო.
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე შემცვლელების სწრაფად პოვნა მოხერხდა, მაინც პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – რატომ გახდა საჭირო ამის გაკეთება უშუალოდ არჩევნების წინ?
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, მარის ზვიედრისმა აღნიშნა, უსაფრთხოების სამსახურების მიერ საარჩევნო უბნების პერსონალის შემოწმება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
„საარჩევნო პერსონალის შეფასებები გაკეთებულია სხვადასხვა დროს, მათ შორის – არჩევნების წინაც. ამჟამად არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარჩევნო უბნის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არსებობს. თუმცა, ცხადია, რომ მოახლოებული არჩევნების პირობებში, ხმის მიცემამდე ერთი კვირით ადრე, ამის გაკეთება უფრო რთული იყო“, – აღიარა ზვიედრისმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ საარჩევნო უბნებზე პერსონალის რეზერვი არსებობს. უსაფრთხოების ორგანოების ბრძანებებით არჩევნების ორგანიზებას ჩამოშორებული ადამიანების რაოდენობა მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი ბრძანებები ერთზე მეტ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში მიიღეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (VDD) კი LSM Latgale-ს რედაქციას დაუდასტურა, რომ სულ 6 000 თანამშრომელი შემოწმდა.
„გამოვლენილ რისკფაქტორებს შორის იყო ამ პირთა მოგზაურობა აგრესორ სახელმწიფო რუსეთსა და მის მოკავშირე ბელარუსში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ასევე პროკრემლისტური გზავნილების გავრცელება“, – განაცხადა სამსახურმა.
VDD-მ ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მან არაერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავონ რუსეთსა და ბელარუსში მოგზაურობისგან, 2025 წელს ძალაში შესული კანონით კი რამდენიმე კატეგორიის პირებს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებს, რუსეთსა და ბელარუსში ვიზიტი საერთოდ ეკრძალებათ.
ამ აკრძალვის მიზანია, რუსეთისა და ბელარუსის ხელისუფლებას შეუმცირდეს იმის შესაძლებლობა, რომ პირდაპირი კონტაქტი დაამყარონ ლატვიის მოქალაქეებთან ამ ქვეყნების ტერიტორიაზე, სადაც ლატვიის ხელისუფლებას თავისი ქვეშევრდომების დაცვის შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია.