ლაშა თორდიას ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს
ლაშა თორდიას ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს

ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს, – ამის შესახებ ადვოკატმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან. როგორც ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას თავს დაესხა როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ამიტომ ადვოკატის აზრით, გამოძიება სახელმწიფო წარმომადგენელზე თავდასხმის მიმართულებით უნდა გაგრძელდეს.

„გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობდა. ჩვენ ყოველ ჯერზე მოვითხოვდით, რომ ლაშა თორდიას, პირველ რიგში, დაზარალებულის სტატუსი მინიჭებოდა. ამავე დროს, ჩვენ ვაპროტესტებდით, რომ საქმე მიმდინარეობდა 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას.ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ლაშა თორდიაზე თავდასხმა უკავშირდებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის საქმიანობას და არა პირად ცხოვრებას, ამიტომ გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სრულიად სხვა მუხლით, კერძოდ 353 პრიმა მუხლით. რაც გულისხმობს სახელმწიფო წარმომადგენელზე თავდასხმას, მისი საქმიანობის გათვალისწინებით.

ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ ჰქონია. რამდენიმე წუთის წინ პროკურატურიდან გვაცნობეს, რომ მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, რატომ ცნეს ლაშა თორდია დაზარალებულად დღეს, ადვოკატი აცხადებს, რომ ამ საქმის გააქტიურება შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდებოდეს.

ალეკო ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმის ეფექტური და დროული გამოძიება
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მოთხოვნა ყოფილიყო, რადგან ლაშა თორდია აშშ-ში დევნილობაში ცხოვრობს.

ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლით, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინა. ადვოკატების ინფორმაციით, ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.