ლაშა შავდათუაშვილის ვერცხლი - პირველი მედალი პარიზიდან
ლაშა შავდათუაშვილის ვერცხლი - პირველი მედალი პარიზიდან

ფინალამდე შთამბეჭდავად მისული ლაშა შავდათუაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში კოსოვოელ აკილ გიაკოვასთან ვაზარით ჩამორჩა, დარჩენილ ერთ წუთში კი სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლო და საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა.

ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრან სლემის მედლის მოპოვება მესამე ცდაზე მოახერხა. აქამდე გორელი ფალავანი პარიზულ დიდ მუზარადზე ორჯერ გამოვიდა, კვარცხლბეკზე კი, წელს პირველად მოხვდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლები სამხრეთ კორეელმა ჩანგრიმ ანმა და მონღოლმა ცენდოჩირ ცანგბაათარმა დაისაკუთრეს.

დღესვე მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ამირან პაპინაშვილს. – 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მან ნახევარფინალამდე წარმატებით იარა, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ იაპონელ შიშიმესთან ჰანსოკუმაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა. ამავე წონაში, მედლისთვის ბრძოლის შანსი ლუხუმ ჩხვიმიანმა, რეპეშაჟის ნახევარფინალში დაკარგა.

დღესვე მედლები გათამაშდა – 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ვაჟა მარგველაშვილი, ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა. ამ წონაში კი ჩემპიონი ბაულ ანი გახდა.

ხვალ “ბერსი არენაში” მამაკაცთა შორის მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ცირეკიძის გუნდიდან, ხვალ ტატამზე გასვლა – 81-ში ზებედა რეხვიაშვილს და ნუგზარ ტატალაშვილს, – 90-ში ბექა ღვინიაშვილს და უშანგი მარგიანს, – 100-ში ვარლამ ლიპარტელიანს და ლაშა ტაველურს, მძიმე წონაში კი გურამ თუშიშვილს და ლევან მატიაშვილს მოუწევთ.