საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დაიწყო. შეჯიბრზე, რომელიც 5-6 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრების სახელს ექვსი სპორტსმენი დაიცავს.
ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდიდან სამი სპორტსმენი იჭიდავებს. 73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით, 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი, წონის და ამ ტურნირის პირველი ნომერი – ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობს.
ქართველმა ძიუდოისტმა პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეოთხედფინალში ახალგაზრდა ფრანგს ჯოან-ბენჟამინ გაბას შეხვდება. რამდენიმე წუთში ტურნირზე პირველ შეხვედრებს ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ჩაატარებენ. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.