ლაშა ქოიავა - ვეტერანების ტოტალური გაშვება მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, ერთი ბრძანებით გაუშვა 2 000-ზე მეტი ოფიცერი, რომლებსაც ჰქონდათ განათლება მიღებული აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, ბრიტანეთში
2003 წელს, ოქტომბრის შემდგომ დიდი ცვლილებები ჯარში არ ყოფილა, ჯარში ძირეული ცვლილებები დაიწყო ბარამიძის დანიშვნიდან, როდესაც მან მოიყვანა თავის მდივნად ლიაკა ხოშტარია და მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარიდან უნდა იყოს გაშვებული ყველა, ვინც ომობდა საქართველოსთვის, ცხინვალის თუ აფხაზეთის ომებში, ანუ ვეტერანები. აქ ყველაზე აქტიური იყო ხოშტარია, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ქოიავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
ქოიავას თქმით, ბრიტანელებმა იმ დროს კომისია შექმნეს თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ და ისინი განმარტავდნენ, რომ ასე უკონტროლოდ ვეტერანების ჯარიდან გაშვება არ შეიძლება.
„მეც მოვხვდი შეხვედრაზე, ბრიტანელებმა კომისია შექმნეს თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ, სადაც ისინი განმარტავდნენ, რომ ვეტერანების ჯარიდან გაშვება ასე უკონტროლოდ არ შეიძლება. საჭიროა მათი გადამზადება, მათთვის რაღაც პროფესიების შეძენა და უზრუნველყოფა იმით, რომ ისინი სამოქალაქო სექტორში დასაქმდნენ ან შექმნან თავიანთი ბიზნესი. იქ იყო ახსნა, ხიფათი იმისა, რომ ეს ხალხი არის ომში ნამყოფი, იარაღს შეჩვეული, ბრძანების შესრულებას შეჩვეული და შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნან რაღაც კრიმინალური დაჯგუფებები“, – აღნიშნა ლაშა ქოიავამ.
ლაშა ქოიავას განმარტებით, ბარიმიძის დროს ვეტერანების ტოტალური გაშვება არ მოხდა.
„ტოტალური გაშვება მოხდა უკვე ოქრუაშვილის დანიშვნისას. მან ერთი ბრძანებით გაუშვა 2 000-ზე მეტი ოფიცერი, რომლებსაც ჰქონდათ განათლება მიღებული არა მარტო საბჭოთა დროს რუსის ჯარში, არამედ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, ბრიტანეთში და რამდენიმე ქვეყანაში ერთად. იქ იყო არა მარტო საუნივერსიტეტო განათლება, არამედ კურსებიც, რომლებიც ძალიან დიდ ცოდნას, გამოცდილებას აძლევდა ადამიანს. აქ პრობლემური იყო ისიც, რომ ადგილები, რომლებიც გამოთავისუფლდა უფროსი ოფიცრებისგან, დააკავებინეს უმცროს ოფიცერთა შემადგენლობას. ანუ, ხალხს, რომელმაც უნდა ისწავლოს. მიანიჭეს უფროსი ოფიცრების წოდებები და დანიშნეს პოზიციებზე, საიდანაც მათ უნდა ასწავლონ უმცროს ოფიცრებს. ეს მოხდა ოქრუაშვილის დროს. წოდების რიგგარეშე მინიჭება შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ ალბათ, ყველაზე დიდი, საბრძოლო მოქმედებების დროს, შეიძლება, ორჯერ მოხდეს. ამან, რასაკვირველია, გამოიწვია გარკვეული დეფორმაცია და დემორალიზაცია ჯარში. დეფორმაცია ჯარისკაცების, ოფიცრების ფსიქიკაში, რადგან ადამიანი, რომელიც ამდენ ხანს მსახურობდა, უცებ იყო გაშვებული. ყველას, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად გაუჩნდა განცდა, რომ ისიც შეიძლება სამშობლოს სამსახურში დააფასონ იმით, რომ გააგდონ ჯარიდან, ისე, როგორც რაღაც გადამუშავებული მასალა“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.