ლაშა ქოიავა - საბრძოლო მოქმედება უნდა დაწყებულიყო 8 აგვისტოს, 07:00 საათზე, შუადღეს გადაცილებული იყო, მაგრამ მოქმედებები არ დაწყებულა, დაწყების ნება დაგვრთეს ჟურნალისტების ჩამოსვლის შემდეგ
გეგმის მიხედვით, საბრძოლო მოქმედება უნდა დაწყებულიყო 8 აგვისტოს დილის 07:00 საათზე. შუადღეს გადაცილებული იყო და მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა. ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და დაგვრთეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედება, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ქოიავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ქოიავამ უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, თუ რა ხდებოდა 7-8 აგვისტოს საღამოს და ღამეს.
„ჩვენ გავედით სასტარტო პოზიციებზე, ზოგიერთი დანაყოფი მანამდე იყო გასული, მაგრამ, გეგმის მიხედვით, საბრძოლო მოქმედება უნდა დაწყებულიყო 8 აგვისტოს, დილის 07:00 საათზე. დაიწყო ცხინვალის საარტილერიო დამუშავება. ეს იყო 7 აგვისტოს 23:42 წუთზე. სამხედრო გეგმით ეს გათვლილი არ იყო, რადგან ცხინვალში სამხედროების შესვლაც არ იყო გათვლილი. ველოდებოდით ჟურნალისტებს. 8 აგვისტოს დილის 07:00 საათზე უნდა დაწყებულიყო ყველა დანაყოფის მოძრაობა. შუადღეს გადაცილებული იყო და საბრძოლო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა. ჟურნალისტები უკვე ჩამოვიდნენ და დაგვრთეს ნება, დაგვეწყო საბრძოლო მოქმედება“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.