ლაშა ქოიავა - კეზერაშვილის თათბირზე შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, ზურაბ ადეიშვილიც, მას შემდეგ საბრძოლო მოქმედების ფაქტობრივი მართვა გადავიდა პოლიტიკოსებთან
კეზერაშვილმა თათბირი როცა გახსნა, მოხდა ის, რაც სამხედრო თათბირებზე არ ხდება, დაუძახეს, ვისაც არ გეზარებათ, მოდით, აქ სამხედრო გეგმა განიხილებაო. შემოვიდა არნახული რაოდენობის ხალხი, მახსოვს ზურაბ ადეიშვილი. უმეტესობას არც ვიცნობდი მაშინ, სავარაუდოდ, პოლიტიკური სპექტრი და კომისრები იყვნენ. მეთაურებთან მიმაგრებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური მოღვაწე, მმართველი პარტიის გარკვეული ფენიდან, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „მას შემდეგ, რაც გეგმა დაიგლიჯა, საბრძოლო მოქმედების ფაქტობრივი მართვა გადავიდა პოლიტიკოსებთან“.
ამასთან, კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი, ლაშა ქოიავამ საბრძოლო მოქმედებების დაწყების დაგვიანების მიზეზებზე ისაუბრა.
როგორც ქოიავამ აღნიშნა, გაურკვეველი მიზეზების გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ელოდებოდნენ ჟურნალისტების მისვლას, საბრძოლო მოქმედება 7-8 საათის დაგვიანებით დაიწყო.
„საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომენტი 8 აგვისტოს დილის ექვსი საათი – ვერ შედგა. ისევ მოვიდა გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავიწყოთ, ვინაიდან ვიღაც უნდა ჩამოვიდეს, რაღაც ქონება უნდა მოვიდეს, უნდა მოსულიყვნენ კიდევ ჟურნალისტები და ვიდრე ჟურნალისტები არ მოვლენ, არ შეიძლება ამის დაწყება. ბოლოს ჩამოვიდა სატვირთო მანქანა ტრიბუნით, დროშებით. ამ შეფერხების გამო საბრძოლო მოქმედება დაიწყო 7-8 საათის დაგვიანებით, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო არც გეგმასთან, არც უზრუნველყოფასთან. მინდა, ვთქვა, რომ სამხედროებს რაც ეხებოდა, საბრძოლო მოქმედება არ ხდება უზრუნველყოფის გარეშე, ეს უზრუნველყოფის ყველა ელემენტი იყო თავის ადგილზე და ჩვენ უკვე შეგვეძლო მოქმედება“, – განაცხადა ლაშა ქოიავამ.