ლაშა ქოიავა - ჯარში ძირეული ცვლილებები დაიწყო ბარამიძის დანიშვნიდან, მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარიდან უნდა გაეშვათ ყველა, ვინც ომობდა საქართველოსთვის, ყველაზე მეტად აქტიურობდა ელენე ხოშტარია
2003 წელს, ოქტომბრის შემდგომ დიდი ცვლილებები ჯარში არ ყოფილა, ჯარში ძირეული ცვლილებები დაიწყო ბარამიძის დანიშვნიდან, როდესაც მან მოიყვანა თავის მდივნად ლიაკა ხოშტარია და მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარიდან უნდა იყოს გაშვებული ყველა, ვინც ომობდა საქართველოსთვის, ცხინვალის თუ აფხაზეთის ომებში, ანუ ვეტერანები. აქ ყველაზე აქტიური იყო ხოშტარია, – ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ქოიავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ქოიავამ აღნიშნა, ბრიტანელებმა იმ დროს კომისია შექმნეს თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ და ისინი განმარტავდნენ, რომ ასე უკონტროლოდ ვეტერანების ჯარიდან გაშვება არ შეიძლებოდა.
„ბრიტანელებმა კომისია შექმნეს თავდაცვის სამინისტროში სმაუშაოდ, სადაც ისინი განმარტავდნენ, რომ ვეტერანების ჯარიდან გაშვება ასე უკონტროლოდ არ შეიძლება, საჭიროა მათი გადამზადება, მათთვის რაღაც პროფესიების შეძენა და უზრუნველყოფა იმით, რომ ისინი სამოქალაქო სექტორში დასაქმდნენ ან შექმნან თავიანთი ბიზნესი. იქ იყო ახსნა, ხიფათი იმისა, რომ ეს ხალხი არის ომში ნამყოფი, იარაღს შეჩვეული, ბრძანების შესრულებას შეჩვეული და შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შექმნან რაღაც კრიმინალური დაჯგუფებები“, – აღნიშნა ლაშა ქოიავამ.
ლაშა ქოიავას განმარტებით, ვეტერანების ტოტალური გაშვება მოხდა უკვე ოქრუაშვილის დანიშვნისას, რომელმაც, მისივე ინფორმაციით, „ერთი ბრძანებით გაუშვა 2 000-ზე მეტი ოფიცერი, რომლებსაც ჰქონდათ განათლება მიღებული არა მარტო საბჭოთა დროს რუსის ჯარში, არამედ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, ბრიტანეთში და რამდენიმე ქვეყანაში ერთად“.