ლაშა ოდილაძე – არის პერსპექტივა, წამყვან ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ #1TVSPORT
საქართველოს პირველ არხთან საუბარში საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა, რომ არსებობს შანსი, ქართველი ფეხბურთელი წამყვან ჩემპიონატში ვიხილოთ.
ოდილაძე გერმანიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერში იყო ჩართული და ის ინფორმაციას კიდევ ერთი პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელის, ილია ბერიაშვილის შესახებ გვაწვდის.
ბერიაშვილი უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი კლუბის, მტკ-ის ცენტრალური მცველია და წარსულში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. მენეჯერის თქმით, ბერიაშვილი უნგრეთში გამოირჩევა. ის ტურის სიმბოლურ გუნდში არაერთხელ მოხვდა.
„ბერიაშვილი უნგრეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მისმა შრომამ და პროფესიონალიზმმა მტკ-ის ლიდერად აქცია. ამ ეტაპზე მისი მიმართ ინტერესს არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გამოხატავენ.
ის 190 სმ სიმაღლისაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემპიონატში ყველაზე სწრაფია. ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისითაც გაძლიერდა, აგრესიულობაც დაამატა თამაშში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი უცხოური კლუბების ყურადღებას იპყრობს.
ის უკვე მოხვდა ბევრი ტოპ-კლუბის სკაუტის თვალთახედვის არეში. დარწმუნებული ვარ, რომ წამყვან ჩემპიონატში გადასვლით გულშემატკივრებს გაახარებს“, – ამბობს ოდილაძე.