ლაშა ნოზაძე - თბილისში წაგების მიუხედავად, „საბურთალო“ შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება #1TVSPORT
„საბურთალო“ ტირანაშია და დღეს ალბანურ „პარტიზანს“ თბილისში წაგებების (0:1) შემდეგ, კონფერენს ლიგის კვალიფიკაცის განმეორებით მატჩში დაუპირისპირდება.
გუნდმა „აირ ალბანიაზე“ მატჩისწინა ვარჯიში გამართა, ხოლო „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ ტრადიცული პრესკონფერენცია ჩაატარა.
„პარტიზანისგან“ განმეორებით შეხვედრაში რას ელით?
– მეტოქის რამდენიმე მატჩი ვნახეთ, მათ შორის ამხანაგურებიც. ვიცოდით, რომ დაცვიდან ითამაშებდნენ. ახლა საკუთარ კედლებში თამაშობენ და უფრო მეტად შეგვიტევენ, თუმცა ამისთვის მზად ვართ. ადგილობრივი გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ გამოვალთ მინდორზე და ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ. პირველი შეხვედრა ისევ ვერ ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა ვეცდებით ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულები გამოვიდეთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.
პირველ მატჩში დამარცხდით, მაგრამ მიიჩნევთ თუ არა, რომ უპირატესობა მაინც თქვენს მხარესაა, რადგან საქართველოს ჩემპიონატში ახლა გამოცხადდა პაუზა, ალბანეთში კი კარგა ხანია გაჩერებულია…
– ეს ფაქტორი არის გარკვეული უპირატესობა, თუმცა ყველაფერი ხვალ მოედანზე გადაწყდება. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ მეტოქეს უნდა ვაჯობოთ და გავიმარჯვოთ.
რა არის „პარტიზანის“ ყველაზე ძლიერი მხარე?
– რაც პირველი შეხვედრიდან დავინახე, კონტრშეტევაზე კარგად თამაშობენ და რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავთ.
„საბურთალოს“ ტაქტიკა როგორი იქნება?
– ამაზე საუბარს არ ვაპირებ დღეს, თუ რა განლაგებით და შემადგენლობით ვითამაშებთ. შესაძლოა, პირველი მატჩის შემდეგ იყოს გარკვეული ცვლილებები. თუმცა, ვნახოთ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ“.
„საბურთალოს“ ტირანაში კონფერენს ლიგის განმეორებითი მატჩში „პარტიზანთან“ მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ერთბურთიანი მოგების შემთხვევაში, უეფა-ს ახალი წესებით დამატებითი დრო დაინიშნება. „აირ ალბანიაზე“ 14 ივლისს შეხვედრა საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყება.