ლაშა ნოზაძე - ონლაინსესხების კომპანიის სარჩელის შემდეგ შესაძლებელია, მომხმარებლის საცხოვრებელში ნებისმიერი ნივთი დაყადაღდეს
ლაშა ნოზაძე - ონლაინსესხების კომპანიის სარჩელის შემდეგ შესაძლებელია, მომხმარებლის საცხოვრებელში ნებისმიერი ნივთი დაყადაღდეს

პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორის, ლაშა ნოზაძის განცხადებით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე ნებისმიერი ნივთი დააყადაღოს. ამის შესახებ ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად სწორია წერილის ფორმა, რითაც მოქალაქეების გაფრთხილება ხდება და როგორ უნდა მიხვდეს მოქალაქე, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, რომ გადაწყვეტილება ნამდვილად სასამართლოს მიერ არის მიღებული, ლაშა ნოზაძემ განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ იურისტს, ადვოკატს უნდა მიმართოს.

მისი თქმით, გაფრთხილების წერილი, შეტყობინების ტექსტი და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რაც პრობლემური აქტივების ბიუროს მსესხებლებთან და მომხმარებლებთან აქვს, მათ შორის, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არის შეთანხმებული. 

„მათთან არა ერთი კომუნიკაცია გვქონია და მომხმარებლებთან კომუნიკაციის ერთობლივი ტექსტიც კი შეგვიქმნია. გადაცდომები იყო ბაზარზეც, საფინანსო სექტორშიც, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში მოთხოვნების დაცვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც პრობლემური აქტივების ბიუროა, რომელიც ბანკებთან და მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობს.

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების დაცვას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში ბევრჯერ ვიყავით, ვისაუბრეთ და გარკვეული ქმედებების კრებული ჩამოვაყალიბეთ, რომელშიც უნდა ჩავმჯდარიყავით. ჩვენთან მოვიდნენ კიდეც და შეამოწმეს, როგორ გვქონდა ადგილზე დაცული კომპანიის შიდაგანაწესი, რომელიც მათ შორის, საკანონმდებლო ნორმატიული აქტების დაცვით არის შექმნილი და, რომელსაც კომპანიის ნებისმიერი თანამშრომელი ხელს აწერს“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ.

როგორც მან აღნიშნა, რეფორმების შედეგად, რომელიც ბაზრის დასარეგულირებლად გატარდა, დღევანდელი სურათი რამდენიმე წლის წინ არსებული რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

დატოვე კომენტარი