ლაშა ნაცვლიშვილი - რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგის სასამართლო გირგვლიანის საქმეს წარმოებაში არ მიიღებდა
ლაშა ნაცვლიშვილი - რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგის სასამართლო გირგვლიანის საქმეს წარმოებაში არ მიიღებდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბურჯალიანი ერთ-ერთ არგუმენტად, რომლის გამოც სტრასბურგის სასამართლოს არ უნდა მიეღო სანდრო გირგვლიანის საქმეზე საჩივარი, ასახელებდა სწორედ იმას, რომ ადვოკატ შალვა შავგულიძეს სააპელაციო ეტაპი გამოტოვებული ჰქონდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხთა მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„როდესაც სტრასბურგის სასამართლოში შევიდა საჩივარი, მაშინ თინა ბურჯალიანი, რომელიც იყო ძალიან კვალიფიციური იურისტი და, რომელსაც ადეიშვილთან და სააკაშვილთან ერთად დალაგებული ჰქონდა მთლიანად, როგორ არ უნდა წასულიყო სტრასბურგში, სწორედ ამ არგუმენტს იშველიებდა – რომ ვინაიდან შალვა შავგულიძემ სააპელაციო ეტაპი გამოტოვა, არ იყო უფლებამოსილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო, წარმოებაში მიეღო საქმე“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

როგორც ლაშა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგის სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეს წარმოებაში არ მიიღებდა. „სწორედ ამიტომ აქვთ თეა წულუკიანის მიმართ აგრესია ამ დანაშაულებრივ, ერთი ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულ ბანდას, ამიტომ ვერ იტანენ“,-აღნიშნა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ლაშა ნაცვლიშვილმა ისაუბრა შალვა შავგულიძის არგუმენტაციაზე, რის გამოც მან სანდრო გირგვლიანის საქმე სააპელაციო ინსტანციაში არ გაასაჩივრა.

„გავყვეთ ლოგიკას, რომელსაც ბატონი შავგულიძე გვთავაზობს. ამბობს, რომ შეზღუდული იყო კანონმდებლობითო, აპელაციაში შემეძლო მომეთხოვა მხოლოდ სასჯელის მომატებაო. მაშინ კასაციაში რატომ ითხოვდა მურუსიძისგან და მისი პალატისგან აპელაციაში დაბრუნებას, თუ აპელაციაში არ ჰქონდა მას უფლება, მოეთხოვა საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნება. ნახეთ, როგორი ადამიანური ალოგიკაა. არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში და ეს განაჩენი გაასაჩივრა პროკურატურამ. პროკურატურის საჩივარი რომ გაეთვალისწინებინა სააპელაციო მოსამართლეს და მოემატებინა ერთი წელი, მაშინ როგორ მიდიოდა ბატონი შალვა შავგულიძე სტრასბურგში? ეს ხომ ადამიანური, ჩვეულებრივი ლოგიკაა, მითუმეტეს სხვა ინტერვიუში მან თქვა, რომ როდესაც პროკურატურამ გაასაჩივრა, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი, სუფსიდიურად შევუერთდი ამ საჩივარსო, ანუ მან პროკურორთან ერთად მოითხოვა თურმე იმ ერთი წლის დამატება, რომელიც როგორც დაზარალებულმა არ მოითხოვა. ამის შემდეგ, პროკურატურამ აღარ გაასაჩივრა საკასაციო სასამართლოში, რადგან დალაგებული პინკ-პონკივით ყველაფერი. მერე უკვე საკასაციო სასამართლოში მოითხოვა საკასაციო კოლეგიისგან იმის გაკეთება, რისი უფლებამოსილებაც მას არ ჰქონდა. როდესაც ბატონი შალვა ამბობს, რომ მოითხოვა, მურუსიძეს აპელაციაში დაებრუნებინა საქმეო, ვსვამ კითხვას? აპელაციას რატომ არ მოსთხოვა, პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა ეს საქმე, თუნდაც პროცესუალური ნორმების დარღვევით, მაშინ ხომ არ გამოტოვებდა ამ ინსტანციას“, – აღნიშნა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ლაშა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაჩქარებული წესით მიიღეს გირგვლიანის წინააღმდეგ შესწორებები – პატიმრობის კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.

„წავიკითხავ მათ გვარებს, ვინც ამ ცვლილებებს ხმა მისცა – ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი, დავით კირკიტაძე, პავლე კუბლაშვილი, მეგი გოცირიძე. ძალიან გთხოვთ, ეს ფაქტი შეახსენოთ შალვა შავგულიძეს და ჰკითხოთ, რა არის პასუხი კითხვაზე, რასაც აკეთებდა ან არ აკეთებდა. ამ კითხვაზე პასუხი არის ამ ხალხთან ერთად კენჭისყრა. მან თავად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს. ასევე, ხვალ ფილარმონიის შეკრებაზე, იქნებ ჩამოყალიბდნენ, სადაც ძალიან ბევრი იურისტია მათ გარშემო, სწავლული თუ უსწავლელი, კალმით დაწერონ და არა სადღეგრძელოებით, რა უნდა ექნა მურუსიძეს და რა არ ქნა“,- აღნიშნა ლაშა ნაცვლიშვილმა.