ლაშა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნების“ იდეოლოგიური ეკლექტურობა მისი ნაკლიცაა და ბრწყინვალებაც
ლაშა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნების“ იდეოლოგიური ეკლექტურობა მისი ნაკლიცაა და ბრწყინვალებაც

ხშირ შემთხვევაში, ივანიშვილი ფინტების გარეშე, ძალიან ცხად და კარგი გაგებით მარტივ სვლებს გვთავაზობს და მის გადაწყვეტილებებში ღრმა კონსპიროლოგია არ უნდა დავინახოთ, – ამის შესახებ მულტიმედიური პლატფორმა „პოსტივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ნაცვლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ივანიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე რომ ვიღაცის შეძახილი მოქმედებდეს, არაფორმალური მმართველი ხარო, ის სხვანაირი ბიოგრაფიის კაცი იქნებოდა. ხანდახან, სიგარა მართლა სიგარას ნიშნავს და ქოლგა ქოლგას“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ელოდებოდა თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ლაშა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ის ამას არ პროგნოზირებდა.

„ამაზე არასდროს მიფიქრია. შეიძლება იმიტომ, რომ ამ საკითხს სხვანაირად ვუყურებ. პირადად ჩემთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მოსულა. ის აქტიური საზოგადოებრივი პოზიციიდან არსად წასულა და იმავე როლში რჩება. უბრალოდ, ოდნავ უფრო გააქტიურდა. ამიტომ, ყველაფერ კარგს ველოდები. „ქართულ ოცნებას“ თუ რამე აკლია, ეს 2012 წლის სულისკვეთებაა და თუ ბიძინა ივანიშვილის მოსვლით ეს სულისკვეთება და მუხტი დაბრუნდება, შეუძლებელია, ეს ხელისუფლების ფუნქციონირებაზე დადებითად არ აისახოს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები შიდა პარტიული დემოკრატიის ფარგლებს აშკარად სცილდება, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით უნდა ველოდოთ თუ არა პარტიის ერთგვარ წმენდას, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ იდეოლოგიური ეკლექტურობა მისი ნაკლიცაა და ბრწყინვალებაც.

„პარლამენტი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოა და ინტერესთა და იდეოლოგიათა ჯგუფებს ნაკრებად, ყველაზე ადეკვატურად და სრულფასოვნად „ქართული ოცნება“ და მისი საპარლამენტო უმრავლესობა გამოხატავს. ეს პარტია პატარა საქართველოს მოდელია, თავისი გედით და არა გედით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, არაკვალიფიციური და არაკონკურენტუნარიანი ოპოზიციის გამო რომ შიდა დაპირისპირება მწვავდება, ეს ბიოლოგიის კანონია.

დარვინიზმიდან ვიცით, რომ გვარებს შორის დავაზე უფრო მწვავე გვარის შიგნით ბრძოლაა ხოლმე. ჩემი საყვარელი მწერალი, დავლეტოვი ამბობდა, გაყრის პირას არსებული ქორწინებები ყველაზე მყარიაო. ის, რომ პარტიაში სიცოცხლეა, ამას მისი ეკლექტურობა განაპირობებს. „ქართული ოცნება“ მთელ საქართველოს წარმოადგენს, ასეთი არაერთგვაროვანი ამიტომ არის და ძალიან კარგია, რომ ასეთია. მოვა დრო და, ეს პარტია იდეოლოგიებად, მიმართულებებად და ფასეულობებად უფრო მეტად ფრაგმენტირდება“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.