ლაშა ნაცვლიშვილი - ოპოზიცია დღეს საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, მაგრამ როგორც აქამდე აცხადებდნენ, ის არც არსად წასულა, თუ არ წასულა, რანაირად დაბრუნდა
ლაშა ნაცვლიშვილი - ოპოზიცია დღეს საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, მაგრამ როგორც აქამდე აცხადებდნენ, ის არც არსად წასულა, თუ არ წასულა, რანაირად დაბრუნდა

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაცხადდა, ქართული ოპოზიციური სპექტრის ძლივს შერჩენილი ღირსებისა და კვალიფიკაციის ხელში დნობას ვაკვირდებით, რაც ძალიან საბრალო საყურებელია, – ამის შესახებ მულტიმედიური პლატფორმა „პოსტივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ნაცვლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ადამიანები, რომლებსაც რაღაც ტიპის კვალიფიკაცია და ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეთ, პრაქტიკულად, არლეკინოებად იქცნენ. ეს ღირსების დაკარგვის, უღირსობისა და აბსოლუტური ცვედანობის დემონსტრირების მარათონი იყო, რაც არც ერთი წუთით არ მიხარია. ცალკე პრობლემაა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მათი კოშმარია, შავი ხუთშაბათი კიდევ ერთხელ გაუთენდათ და თურმე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოპოზიცია მისი ამონასუნთქი ნახშირორჟანგით სუნთქავდა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ასეთი არაკვალიფიციური და დესტრუქციული ოპოზიციის არსებობამ გამოიწვია პროცესები, რომლის გამოც შესაძლებელია, ბიძინა ივანიშვილს უფრო აქტიური საზოგადოებრივი პოზიციის დაკავება მოუხდა, რადგან საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ასეთი ოპოზიციის არსებობაა, რომ მმართველი პარტია მოიჩლაჩოს და ხალხის მიერ მინიჭებულ როლს აღარ ასრულებდეს.

„ოპოზიციური სპექტრი დღეს მთელი დღის განმავლობაში საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, მაგრამ როგორც აქამდე აცხადებდნენ, ის არც არსად წასულა. თუ არ წასულა, რანაირად დაბრუნდა?!“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ლაშა ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ექვსი წლის განმავლობაში არაკონკურენტულ გარემოში ოპერირებს.