ლაშა ნაცვლიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ უბნელეს წარსულს წარმოადგენს როგორც ნათელ მომავალს
ლაშა ნაცვლიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ უბნელეს წარსულს წარმოადგენს როგორც ნათელ მომავალს

ხალხი, რომელიც სახელმწიფოს, ლეგიტიმური და არალეგიტიმური ძალადობის ალიანსს წარმოადგენდა, საკუთარ უბნელეს წარსულს წარმოადგენს როგორც ნათელ მომავალს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა.

როგორც ლაშა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ შეცვლა ან მათ მხრიდან შეცდომების მონანიება გამორიცხულია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას ტოტალიტარული რეჟიმის კლასიკური მაგალითი შექმნა. ჩემი აზრით, ტოტალიტარიზმის კლასიკაში – გერმანული ნაციზმის, იტალიური ფაშიზმის შემდეგ, ჩვენს კონტინენტზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა ტოტალიტარული სისტემა, სადაც ევროვიზიის კონკურსანტის კაბის ფერიდან დაწყებული, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტით დამთავრებული, ყველაფერს ერთი ძალა წყვეტდა. ეს არის კლასიკა და სახელმწიფოს მიმტაცებელი ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც საკუთარ დანაშაულებრივ წარსულს გვირგვინად 90-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტი დაადგა. ქუჩისა და ძალადობის ალიანსს სთავაზობენ საზოგადოებას ნათელ მომავლად, ეს მართლაც ბნელი წარსულის მოციქულები. ოპოზიცია მმართველ გუნდს ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის დროში დაბრუნებაში ადანაშაულებს, მაშინ როცა გიორგი რურუა პოლიტიკაში სწორედ აბაშიძის პარტიის სიით მოვიდა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც „ნაციონალური მოძრობა“ უშვებდა, არის ის, რომ „ქართველი ხალხი მართლა სულელი ეგონათ, რადგან ამ უტიფრობას ჰკადრებდნენ“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს ინსტრუმენტები, ვერ აწამებენ. ჭაკუა აღარ არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვერ აწამებენ, ვერ იჭერენ, ვერ ხვრეტენ, მაგრამ დარჩა ძალადობის ეს სახე – სიცრუით და მანიპულირებით ძალადობა. ჩემი აზრით, ამ ძალადობასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს საკადრისი პასუხი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.