ლაშა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება სასიკეთოა ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც საკუთარ ხელისუფლებასთან გარკვეულწილად, კავშირი დაკარგა
ლაშა ნაცვლიშვილი - ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება სასიკეთოა ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც საკუთარ ხელისუფლებასთან გარკვეულწილად, კავშირი დაკარგა

ბიძინა ივანიშვილი ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში იყო, არის და რჩება მთავარ მოთამაშედ და მისი გააქტიურება სასიკეთოა არა პარტიისთვის, არა მთავრობისთვის და მინისტრებისთვის, არამედ ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც საკუთარ ხელისუფლებასთან გარკვეულწილად, კავშირი დაკარგა, – განაცხადა მულტიმედიური პლატფორმა „პოსტივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ნაცვლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ხალხთან ერთად, ამ ხელისუფლებას კრიმინალურ-პოლიტიკური რევანშისგან იცავდა. იმავდროულად, ის იყო ერთადერთი ლეგიტიმური სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანი, რომელიც ხალხს ხელისუფლების თვითნებობისგან იცავდა. მან თქვა, ხმას ამოვიღებ და გაიგონებენო და ეს ყველამ იცოდა. მისი ფაქტორი ყველა არჩევნებზე გადამწყვეტი იყო და ის ეიმედებოდა როგორც ხელისუფლებას, ისე ხალხს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პერსონის ერთგვარი ინსტიტუციონალიზაცია მოხდა, ჩვენი პოლიტიკური სიდუხჭირის, სიხალვათისა და სიღარიბის ბრალია.

მულტიმედიური პლატფორმა „პოსტივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მასშტაბს, მის სოციალურ კაპიტალს, ღვაწლსა და შესაძლებლობებს ვერსად გავექცევით; ის არსებობს, როგორც ბუნებრივი მოვლენა და მას საკუთარი გრავიტაცია გააჩნია.

„ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და დღესაც ასეთ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. უბრალოდ, საქმე იმაშია, მსახურებას რომელი პოზიციიდან განაგრძობს და რომელი პოზიციიდან შეძლებს, საზოგადოების ხელისუფლებაზე კონტროლი ყველაზე სწორად უზრუნველყოს“, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.