ლაშა მაღრაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„ლაშა მაღრაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში; აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა პირველი მოადგილის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.