ლაშა ხუციშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო
ლაშა ხუციშვილმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

ესპანეთის ქალაქ სევილიაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის რიგით მე-15 ყოველწლიურ პლენარულ შეხვედრაში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის პანელური დისკუსია თემაზე: „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის მიმდინარე და ახალი გამოწვევების დაძლევა“, რომელშიც საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ ესპანეთის ფინანსთა მინისტრი მარია ხესუს მონტერო, სამოას ვიცე-პრემიერი ტუალა ტევაგა იოსეფო პონიფასიო და ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი იუტა ურპილაინენი. დისკუსიას უძღვებოდა OECD-ის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრის დირექტორი გრეის პერეზ ნავარო.

„ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ გამოწვევებზე, აგრეთვე საგადასახადო სფეროში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის როლზე აღნიშნული გამოწვევების დაძლევის პროცესში. იგი ასევე შეეხო გლობალურ ფორუმთან საქართველოს თანამშრომლობის წარმატებულ დინამიკას და გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური სტანდარტის განვითარების კუთხით ქვეყნის მიერ გატარებულ რეფორმებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო საგადასახადო მიზნებისათვის გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრია 2011 წლიდან და იგი წარმატებით უზრუნველყოფს საგადასახადო სფეროში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ გლობალური ფორუმის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ამჟამად გლობალური ფორუმის წევრია 165 სახელმწიფო, მათ შორის, G20-ის და OECD-ის ყველა ქვეყანა.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, ფორუმს ესწრებიან მინისტრის მოადგილე, მამუკა ბარათაშვილი და საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინე ხურციძე“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.