ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე ისაუბრა
ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე ისაუბრა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 2024 წელს დაგეგმილია 5.2%-ის ფარგლებში, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს აჭარბებს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, 2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108,0 მილიარდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 900 დოლარს გადააჭარბებს;

„ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 21,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 24,9%-ია; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2%-ის ფარგლებშია. 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, შეადგენს 27,8 მლრდ ლარს.

 

სოციალური მიმართულებით:

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც მომავალ წელს:

  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში შეადგენს 498 ლარს;
  • 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში შეადგენს 378 ლარს;
  • გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
  • გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;
  • ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5,6 მილიარდ ლარს;
  • ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
    დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ ლარი.

განათლების მიმართულებით:

  • განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 470,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც:
  • გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
  • საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 350,0 მლნ ლარზე მეტი;
  • საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე –  225,0 მლნ ლარზე მეტი;

100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები.

ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმაზე და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე საზოგადოება გაეცნობა აღნიშნული რეფორმის შედეგებს.

10%-ით გაიზრდება პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების თანამშრომელთა ხელფასები. თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 240 მლნ ლარამდე. თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი.

2022 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურება გაიზრდება 10%-ით.

 

ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისთვის:  

  • ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან 2024 წელს მიიმართება 6,0 მილიარდ ლარზე მეტი,  მათ შორის:
  • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,2 მილიარდ ლარზე მეტი;
  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 1,9 მილიარდ ლარზე მეტი;
  • წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500,0 მლნ ლარზე მეტი;
    საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 700,0 მლნ ლარზე მეტი;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 170,0 მლნ ლარზე მეტი;

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი.

სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 560,0 მლნ ლარზე მეტი.

გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 180,0 მლნ ლარამდე.

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 850,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 460,0 მლნ ლარი“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.