ლაშა ხუციშვილი - ტვირთი, გემის მფლობელი და გემი თუ სანქცირებულია, ვერ შემოვლენ და ვერ შემოდიან ქართულ პორტებში, თითოეული კერძო ტრანზაქცია ხორციელდება სანქციების დაცვის მკაცრი მეთოდოლოგიით
ლაშა ხუციშვილი - ტვირთი, გემის მფლობელი და გემი თუ სანქცირებულია, ვერ შემოვლენ და ვერ შემოდიან ქართულ პორტებში, თითოეული კერძო ტრანზაქცია ხორციელდება სანქციების დაცვის მკაცრი მეთოდოლოგიით

ამ ნაწილშიც შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ სანქციები სრულად დაცულია, ტვირთი, გემის მფლობელი და უშუალოდ გემი თუ სანქცირებულია, ვერ შემოვლენ და ვერ შემოდიან ქართულ პორტებში, ამის კონტროლს უზრუნველყოფს საზღვაო სააგენტო, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის რეგულარული საზღვაო გადაზიდვების შესახებ სომხური მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

ხუციშვილის თქმით, აღნიშნულის კონტროლს საზღვაო სააგენტო უზრუნველყოფს.

„საზღვაო სააგენტომ ამომწურავი ინფორმაცია გაავრცელა, რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. ამ ნაწილშიც შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ სანქციებთან მიმართებაში სრულად იქნება შესაბამისობა და სრულად დაცულია. აქ არის ორეტაპიანი კონტროლის მექანიზმი. ერთი, რომელსაც ახორციელებს საზღვაო სააგენტო: ტვირთი, გემის მფლობელი და უშუალოდ გემი თუ არის სანქცირებული, ვერ შემოვლენ და ვერ შემოდიან ქართულ პორტებში, ამის კონტროლს უზრუნველყოფს საზღვაო სააგენტო; შემდგომ ტვირთებთან მიმართებაში ამის კონტროლს ახორციელებს საბაჟო სამსახური, ისე როგორც ახორციელებს სახმელეთო და საჰაერო გზით არსებულ ტვირთებთან მიმართებაში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ბათუმის პორტსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის რეგულარულ მიმოსვლაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო კერძო ტრანზაქციები შესაბამისი სანქციების დაცვის მკაცრი კრიტერიუმებით ხორციელდება.

„ვფიქრობ, საზღვაო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათლად არის ასახული ყველა ფაქტი და არსებული რეალობა. პირველ რიგში, ის, რომ რაღაც რეგულარული მიმოსვლა დაიწყო, ასეთი ფაქტი დაფიქსირებული არ არის. შესაბამისად, არ შეესაბამება სიმართლეს, ხოლო დანარჩენი თითოეული კერძო ტრანზაქცია, რომელიც ხორციელდება, ხორციელდება შესაბამისი სანქციების დაცვის ძალიან მკაცრი მეთოდოლოგიით და კრიტერიუმებით. ეს არის ორეტაპიანი კონტროლი საზღვაო ტვირთებთან მიმართებაში, რომელიც შემოდის. პირველ რიგში, მოწმდება გემის, გემთმფლობელის და ტვირთის სანქცირება საზღვაო სააგენტოს მიერ და შემოსულ ტვირთან მიმართებაში კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტი იმ მეთოდოლოგიით, რა მეთოდოლოგიაც არის უკვე როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ტვირთებთან მიმართებაში. ეს მეთოდოლოგია არის ძალიან მყარი, ძალიან დამაჯერებელი და ჩვენ წელიწადზე მეტია, ამ მეთოდოლოგიით ვახორციელებთ ტვირთების კონტროლს. ერთი ფაქტიც არ გვაქვს, რომ სანქციების გვერდის ავლა მომხდარიყო საქართველოდან, ეს დადასტურებულია არაერთი განცხადებით. ბუნებრივია, ამ განცხადებების უკან არის ძალიან აქტიური თანამშრომლობა და მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა ყველა დარწმუნებული იყოს, რომ საქართველო არის ძალიან უსაფრთხო ადგილი ბიზნესის განხორციელებისთვის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, შეკითხვის პასუხად ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი არ განიხილება.

„ეს საკითხი არ არის ჩვენი განხილვის დღის წესრიგში“, – აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხიც დღის წესრიგში ვერ დადგება და დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ეს შეკითხვა არარელევანტურია.

„რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით შეკითხვას, ბუნებრივია, ვიდრე ჩვენი ქვეყანის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ამ საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც კი ვერ დადგება. შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ეს შეკითხვა არ არის რელევანტური“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.