ლაშა ხუციშვილი - სავალუტო ფონდის პროგნოზში, 7.7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაში სრულად არის ასახული რისკები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს
ლაშა ხუციშვილი - სავალუტო ფონდის პროგნოზში, 7.7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაში სრულად არის ასახული რისკები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ზრდის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, წინა პროგნოზი იყო 3.5 პროცენტი, რომელიც იზრდება 7.7 პროცენტამდე, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-4 მუხლის შეფასება გულისხმობს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის და მიმდინარე ტენდენციების შეფასებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს ქვეყანაში.

„შეფასების შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ზრდის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის წინა პროგნოზი იყო 3.5 პროცენტი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ იზრდება ეს პროგნოზი 7.7 პროცენტამდე, ეს არის გაორმაგებული მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდისა, რომელიც ფაქტობრივად სრულად ემთხვევა და იზიარებს იმ შეფასებებს, რომელიც გააკეთა ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს მთავრობამ და რომელიც ასახულია ბიუჯეტის პროექტის ცვლილებებში. ეს არის საბაზისო სცენარი, სადაც საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს გაიზრდება 7.7 პროცენტით. ასევე, ძალაში რჩება ოპტიმისტური სცენარის განვითარების შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ეკონომიკის გაზრდას ორნიშნა დონეზე, ეს არის 10.2 პროცენტი.

ასევე, შეფასებაში ერთმნიშვნელოვნად ხაზია გასმული იმ ქმედებებზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც გატარებული იქნა მთავრობის მიერ პანდემიის პერიოდში და ეს დადებითად არის შეფასებული, როგორც ბიზნესის დახმარების კუთხით, ასევე მოქალაქეების მხარდაჭერის მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით შეიძლება, ვთქვათ კიდეც ის, რომ სავალუტო ფონდის მისიის მიერ შეფასებულია მომავალი პერსპექტივები ქვეყნის, ის რეფორმები, რომლებიც უკვე ჩვენ დაწყებული გვაქვს და იმ რეფორმების დღის წესრიგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. უკვე წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ გვექნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა, რომელიც დაეფუძნება სწორედ იმ რეფორმებს, რომლებიც იქნა შემუშავებული ჩვენ მიერ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მომდევნო თვეების განმავლობაში და მომავალ წელსაც ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით რისკები რჩება.

„ეს რისკები ძირითადად მომდინარეობს პანდემიიდან, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა ცალსახად მინდა აღვნიშნო ის, რომ მიმდინარე პროგნოზში, 7.7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაში სრულად არის ასახული ის დღევანდელი რისკები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებ იმისკენ, რომ ყველამ მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ ვაქცინის მიღება და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ქვეყნის ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლეები, ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენს გარშემო არსებული პირები, განსაკუთრებით ბავშვები, რომელთა მიმართებითაც ბოლო პერიოდში შეინიშნება ინფიცირების მატება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ძალიან სწრაფად აღდგა, შენარჩუნდეს მომდევნო პერიოდშიც“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.