ლაშა ხუციშვილი - საქართველოზე მეტს არცერთი ქვეყანა არ აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, დროა, დასრულდეს ცილისწამების ორკესტრირებული კამპანია
ლაშა ხუციშვილი - საქართველოზე მეტს არცერთი ქვეყანა არ აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, დროა, დასრულდეს ცილისწამების ორკესტრირებული კამპანია

საქართველოზე მეტს არცერთი ქვეყანა არ აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, დროა, დასრულდეს ცილისწამების ორკესტრირებული კამპანია და ადეკვატური შეფასება მოჰყვეს იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების გლობალურ საკითხში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლაშა ხუციშვილი რადიო „თავისუფლების“ სტატიას ეხმაურება, რომელიც, მისი თქმით, აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავს მიზნად.

„რადიო „თავისუფლების“ ეს სტატია არის მანიპულაცია, რომელიც აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას და ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავს მიზნად! ეს არ არის პირველი შემთხვევა და მავნებლურ კამპანიაში აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და კონკრეტული პირები ბოლო ორი წლის განმავლობაში!

ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ბრალდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, პასუხი რომ არ გაგვეცა და, ბუნებრივია, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი.

სტატიაში მოყვანილია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები იმის დასადასტურებლად, თითქოს საქართველოში კონკრეტული ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტის არაბუნებრივი ზრდა გვაქვს (ამისთვის აღებულია მხოლოდ ერთი ქვეყნიდან იმპორტი) და თითქოს საქართველოდან ეს საქონელი, შეიძლება, მოხვედრილიყო სანქცირებულ ქვეყანაში (ამ უკანასკნელის არანაირი მტკიცებულება კვლავ არ არის წარმოდგენილი).

სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივად გადასამოწმებელია საქსტატის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში (Geostat.ge), რეალურად გაზრდილია თუ არა კონკრეტული ორმაგი დანიშნულებით გამოყენებადი საქონლის იმპორტი საქართველოში:

1. სტატიის მიხედვით: ექვსჯერ არის გაზრდილი აშშ-იდან აერონავიგაციისა ან კოსმოსური ნავიგაციისათვის საჭირო ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების იმპორტი (29 ათასი დოლარიდან 179 ათას დოლარამდე). სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი, კოვიდპანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 14-ჯერ, 2.6 მილიონი დოლარიდან 180 ათას დოლარამდე;

2. სტატიის მიხედვით: ინტეგრალური სქემების იმპორტი აშშ-იდან ათჯერ მეტია, ვიდრე წინა ხუთი წლის განმავლობაში იმპორტირებული ამ პროდუქციის ჯამი (ჯამურად ორი წლის განმავლობაში 50 ათასი დოლარი). სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი, კოვიდპანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით, შემცირებულია სამჯერ, 5.2 მილიონი დოლარიდან 1.6 მილიონ დოლარამდე;

3. სტატიის მიხედვით: 2016 წლის შემდეგ მხოლოდ 2022 წელს განახლდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში კერამიკული კონდესატორების იმპორტი (საუბარია 1670 დოლარის ჯამურ ღირებულებაზე). სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი გვქონდა 2019 წელს 5600 დოლარის ოდენობით და 2022 წელს 5700 დოლარის ოდენობით;

4. სტატიის მიხედვით: აშშ-იდან ნახევარგამტარების იმპორტში ზრდა გვაქვს 1790 დოლარამდე 2023 წელს. სინამდვილეში: ამ საქონლის მთლიანი იმპორტი, კოვიდპანდემიამდე (2019 წ.) პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 22%-ით, 23.2 ათასი დოლარიდან 18 ათას დოლარამდე.

პრაქტიკულად ყველა მონაცემი, რომელიც სტატიაშია მოყვანილი კონკრეტულად ერთი ქვეყნიდან (აშშ) იმპორტის მაგალითზე, სრულიად აცდენილია რეალურ სურათს და ამის დანახვა მარტივად არის შესაძლებელი იმავე წყაროზე, რაც სტატიაშია მითითებული: საქსტატი – „საქართველოს იმპორტი სასაქონლო პოზიციების მიხედვით (HS 6 ნიშანა) 2015-2024 წლები“.

ძალიან რთულია, ოფიციალური სტატისტიკის აუდიტორიისთვის ამ ფორმით მიწოდებას ვუწოდოთ შეცდომა, როდესაც ძალიან მარტივად არის ხელმისაწვდომი ყველა ეს ინფორმაცია და ისედაც ცხადია, რომ მოყვანილი საქონლის იმპორტი შიდა მოხმარების საშუალო მაჩვენებელსაც კი არ აღემატება. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სტატიაში ასევე მოყვანილია ინფორმაცია, რომ რუსეთმა მოახერხა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების აკრძალული საქონლის შეძენა, მაშინ როდესაც საქართველოსთან მიმართებით ზემოთ ჩამოთვლილი საქონლის იმპორტის ღირებულება ჯამურად 250 ათას დოლარსაც კი არ აღემატება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 2018/2019 წლის ფასების შედარება ხდება 2022/2023 წლის ფასებთან.

საქართველოში სრულად არის დანერგილი სანქციების თავის არიდების წინააღმდეგ ეფექტური კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რასთან დაკავშირებითაც სრულად ინფორმირებულია საერთაშორისო სანქციების დამწესებელი ჩვენი პარტნიორები. მათ შორის, სტატიაში მოყვანილი პერიოდი შეფასებული იყო საერთაშორისო სანქციების კოორდინატორების მიერ საქართველოში ვიზიტის დროს და საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებისთვის დანერგილმა სისტემებმა მიიღო მაღალი შეფასება, რაც საჯაროდაც იქნა გაჟღერებული.

ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით სტატიაში მოყვანილ ინფორმაციას განცხადებების შესახებ, რომელიც გაკეთდა აშშ-ის სენატში შეხვედრაზე სენატორების მიერ. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება იქნა გაკეთებული ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ. საქართველოსთან მიმართებით კომიტეტზე წარმოდგენილი ინფორმაცია (კონკრეტულად მხოლოდ ოთხი კომპანიის ჭრილში) საერთოდ არ ასახავს ოფიციალურად დადასტურებულ მონაცემებს და აჩვენებს რეალობიდან არსებითად აცდენილ სურათს. აშშ-ის სანქციების აღმასრულებელ ყველა ორგანოსთან ფინანსთა სამინისტროს აქვს მჭიდრო თანამშრომლობა და დღემდე არ მიგვიღია ინფორმაცია (ჯერ კიდევ ველოდებით), რაც რაიმე ფორმით დაადასტურებდა გამოთქმულ ვარაუდებს.

საქართველოზე მეტს (არამხოლოდ რეგიონში) არცერთი ქვეყანა არ აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, რაზეც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი რესურსი იხარჯება. დროა, დასრულდეს ცილისწამების ეს ორკესტრირებული კამპანია და ადეკვატური შეფასება მოჰყვეს იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების გლობალურ საკითხში“, – წერს ლაშა ხუციშვილი.