ლაშა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა.

აბდულრაჰმან ალ მარშადი საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მათივე ცნობით, ლაშა ხუციშვილმა აბდულრაჰმან ალ მარშადს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას აქვს საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების, ასევე, მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით.

ლაშა ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თავის მხრივ, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. აღინიშნა, რომ ინვესტიციების გაზრდის პოტენციალი არსებობს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვა.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხი.