ლაშა ხუციშვილი - საქართველოს არ აქვს სანქციები ინდივიდუალურად დაწესებული, თუმცა ქვეყანა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი გამოყენებით არ მოხდეს პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა
ლაშა ხუციშვილი - საქართველოს არ აქვს სანქციები ინდივიდუალურად დაწესებული, თუმცა ქვეყანა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი გამოყენებით არ მოხდეს პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა

საქართველოს არ აქვს ინდივიდუალურად სანქციები დაწესებული, თუმცა ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს გვერდის ავლა საქართველოს გამოყენებით ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის მიერ დაწესებული სანქციების, საქართველო იცავს საფინანსო სექტორში დაწესებულ სანქციებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ასევე საქართველო იცავს სანქციებს, რომლებიც ეხება სავაჭრო ურთიერთობებს.

„სავაჭრო ოპერაციებთან მიმართებაში რეგულატორი ფინანსთა სამინისტრო შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით ახდენს სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებაში სანქციების აღსრულებას. აქ არის კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული სანქციები და ამ კონკრეტულ სანქციებთან შესაბამისობა. თუ კომპანია, ბორტი ან თვითმფრინავი არის სანქცირებული, ვერ იქნება საქართველოში წარმოდგენილი. ამის განუხრელად დაცვით ხდება აღნიშნული ავიამიმოსვლა მიმდინარე ეტაპზე. როდესაც ვსაუბრობთ, რომ რომელიმე კომპანია არის დასანქცირებული, ან რომელიმე თვითმფრინავი არის დასანქცირებული, ან ვიღაც არის დასანქცირებული, ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულია ევროკავშირის მიერ, ასევე სხვადასხვა უწყების მიერ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში და ძალიან ნათლად არის ჩამოთვლილი, რა არის სანქცირებული და რა ითვლება სანქციების დარღვევად. ის, რომ, გარკვეულწილად, სანქცია არის დაწესებული ანუ სანქციებში მოხვდა რომელიმე კომპანია ან რაღაც კატეგორია მისი ოპერაციების, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულად შეიძლება იყოს აკრძალული სანქციებთან მიმართებაში ამ კომპანიის თუ პირის ოპერირება. შესაბამისად, კომპანიები არსებობს, რომლებშიც ინვესტირება არის აკრძალული; კომპანიები არსებობს, რომლებისგან ტვირთის შეძენა არის აკრძალული. მნიშვნელოვანია ის, რომ მარტო არ გავიგოთ სიტყვა „სანქცია“, მთავარია, რა იგულისხმება ამ სანქციის უკან. საქართველო ასრულებს სანქციებს, რომ არ მოხდეს გვერდის ავლა საქართველოს გავლით. ეს არის მკაფიო ტექსტი, რაც შეესაბამება იმ რეალობას, რა რეალობაშიც არის ქვეყანა“, – განაცხადა ხუციშვილმა.