ლაშა ხუციშვილი - სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას
ლაშა ხუციშვილი - სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ივნისს, ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ საბაჟო პროცედურების მიმდინარეობას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაეცნო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და გამტარუნარიანი საბაჟოა.

მათივე ცნობით, მასთან ერთად საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

„სამუშაო თათბირზე ფინანსთა მინისტრმა თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შესახებ და მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალოების კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სრულ შემადგენლობას ახალი სამსახურებრივი ფორმები და ეკიპირება აქვთ. გლობალური პანდემიის მიუხედავად, ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად სრულდება საბაჟო ფორმალობები. დახარჯული დროის საშუალო მაჩვენებელი, მაგალითად „სარფის“ საბაჟო კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალების შემოსვლიდან – კონტროლის ზონის დატოვებამდე, საშუალოდ მხოლოდ შვიდ წუთს შეადგენს.

ბოლო 6 თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით გადაადგილებულმა, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ  174 841 შეადგინა. ამჟამად, საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამსახურებრივ მოვალეობას 124 მებაჟე ოფიცერი ასრულებს“, – აღნიშნულია ინფორმაციით.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე ძალაშია იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებით მოქმედებდა. კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და „პისარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ პისიარტესტირება.