ლაშა ხუციშვილი - სახელმწიფო ბანკი არ არის სწორი დეფინიცია იმ სტრუქტურისთვის, რომლის შექმნაც არის გეგმაში, მას არ ექნება ფუნქციები, რომლებიც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას საჭიროებს
ლაშა ხუციშვილი - სახელმწიფო ბანკი არ არის სწორი დეფინიცია იმ სტრუქტურისთვის, რომლის შექმნაც არის გეგმაში, მას არ ექნება ფუნქციები, რომლებიც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას საჭიროებს

სახელმწიფო ბანკი არ არის სწორი დეფინიცია იმ სტრუქტურისთვის, რომლის შექმნაც არის გეგმაში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის სტრუქტურა, რომელიც კლასიკურად ბანკის ფუნქციას ასრულებს და რაიმე ფორმით იქნება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, მას არ ექნება ის ფუნქციები, რაც საჭიროებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.

„ეს არის კლასიკური განვითარების ინსტიტუტის მოდელი, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს, განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებსაც, მათ შორის, საგარეო მიმართულებით. ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, ის სრულად, 100 პროცენტით იქნება კონცენტრირებული შიდა პროექტებზე და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. ცალსახად რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არ იქნება სახელმწიფო ბანკი, კლასიკური გაგებით, არ ექნება ფუნქციები, რომლებიც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას საჭიროებს. შეასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს, მათ შორის მოხდება არსებული ფუნქციების კონსოლიდირება და იქნება ახალი ელემენტებიც, რომლებიც შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო იყოს ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ძალიან მალე დაიწყება „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმა. მისი თქმით, „„საქართველოს განვითარების ფონდი“ და „აწარმოე საქართველოში“ გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს, ბუნებრივია, არ არის კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტზე, უმჯობესია, ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული“.