ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკის, Barclays-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკის, Barclays-ის მმართველ დირექტორს, იგორ აკულოვს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
„ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევრობონდების რეფინანსირების პროცესში საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ დაფიქსირებულ მაღალ ინტერესს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო გეგმავს, აქტიურად გააგრძელოს მუშაობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.