ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა და მისიის წევრებმა, პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება, ასევე, 2023 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები და პროგნოზები.

„სსფ-ის მისიის ჩამოსვლას თბილისში წინ უსწრებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები, სადაც ქართულმა მხარემ მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს მაღალი ტემპით იზრდება. ამასთან, ხაზი გაესვა  გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას და სსფ-ის რეკომენდაციებს ამ მიმართულებით“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.